გიზიარებთ ციფრული უსაფრთხოების გზამკვლევს. მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაიაზროთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონლაინ კომუნიკაციისას. გზამკვლევი მიგითითებთ ასევე, თუ რომელი მარტივი და საბაზისო ტექნიკები შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შეამციროთ თქვენს პირად ფაილებზე, ინფორმაციასა თუ კომუნიკაციაზე გარეშე პირთა წვდომის რისკები.
ადამიანის უფლებათა სახლის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება უფლებადამცველების დაცვა და გაძლიერებაა. უფლებადამცველები და აქტივისტები ხმას იმაღლებენ სხვისი უფლებების დასაცავად, აკრიტიკებენ სახელმწიფო ორგანოების არაეფექტურ საქმიანობას, მონიტორინგს უწევენ სხვადასხვა გამოძიების მიმდინარეობას, თუ სასამართლო სისტემის მუშაობას. უფლებადამცველები ამის გამო ხშირად სენსიტიურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობენ, მაგალითად მათი ბენეფიციარების შესახებ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ავტორიტარულ რეჟიმების მქონე სახელმწიფოებში, უფლებადამცველები ხშირად განიცდიან დევნას და შევწიროვებას, მათ აპატიმრებენ და უყენებენ უსაფუძვლო ბრალდებებს.
უფლებადამცველები ლეგიტიმურ საქმიანობას ახორციელებენ, თუმცა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების მხრიდან უკანონო ჩარევის თუ თავდასხმის გამო, მათი საქმიანობა, პირადი ინფორმაციის და კომუნიკაციის უსაფრთხოება ხშირად რისკის ქვეშაა. სწორედ ამიტომ, არსებობს უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და დანერგილი პრაქტიკა უფლებადამცველებისთვის ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ.
ჩვენი საქმიანობისას, განსაკუთრებით, როდესაც ავტორიტარულ რეჟიმში მომუშავე უფლებადამცველებთან ვმუშაობთ, უსაფრთხო არხებით კომუნიკაცია და ზოგადად ციფრული უსაფრეთხოება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროა, რომ ბოლო დროინდელი მოვლენების, განსაკუთრებით, ფარული ჩანაწერების გავრცელების ფონზე, გვიწევს იმის გაზიარება და მოწოდება, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში მომუშავე უფლებადამცველებმა და აქტივისტებმაც გაითვალისწინონ და გამოიყენონ უსაფრთხოების წესები. სამომავლოდ აუცილებლად შემოგთავაზებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და სხვა აქტივობებს ამ მიმართულებით.
გზამკვლევი: როგორ შეიძლება დაიცვათ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ კომუნიკაცია ციფრულ სივრცეში