შემაშფოთებელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან უფლებადამცველების მისამართით გამოთქმული ცილისმწამებლური და პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელი მიმართვები

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები, ვეხმაურებით უფლებადაცვითი ორგანიზაციის – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), წარმომადგენლების – ანა არგანაშვილისა და ანა აბაშიძის, მიმართ საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის მხრიდან საქმიანი რეპუტაციის შემლახავ, პიროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ მიმართვას.

აღნიშნული ინციდენტი 2019 წლის 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გამართულ საჯარო შეხვედრაზე მოხდა, სადაც „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტს განიხილავდნენ.  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს კანონპროექტთან დაკავშირებით და გამოთქვეს კრიტიკული შენიშვნებიც. სწორედ აღნიშნულ კრიტიკას მოჰყვა სოფიო კილაძის მხრიდან უფლებადამცველების შეურაცხყოფა და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია – მან უფლებადამცველებს „ანგაჟირებული“ უწოდა და აღნიშნა:რომ მისი ინფორმაციით უფლებადამცველებს „დავალებული“ აქვთ, რომ  განსახლივლელ კოდექსთან  დაკავშირებით დესტრუქციული როლი“ შეასრულონ.  ასევე დაამატა, რომ „ანგაჟირებული ადამიანებს“ არ უსმენს და არც მათ კრიტიკას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ სოფიო კილაძეს არაერთხელ გამოუხატავს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებთან შეუსაბამო მოსაზრებები, რაც უფლებადამცველების თუ აქტივისტების მხრიდან მუდმივად კრიტიკას იწვევს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ნაცვლად ჯანსაღი და ინკლუზიური საჯარო დიალოგისა, ხელისუფლების წარმომადგენლები უფლებადაცვითი ორგანიზაციების კრიტიკას მათზე სიტყვიერი თავდასხმითა და ცილისმწამებლური კამპანიით პასუხობენ.

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მაღალჩინოსნების თუ თანამდებობის პირების მხრიდან არაერთხელ მომხდარა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების დისკრედიტირების მცდელობა. ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი აქტივისტებისა თუ უფლებადამცველების საქმიანობას საქართველოში. გარდა ამისა, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია პატივი სცეს უფლებადამცველების ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2225 (2018)).

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს:

  • შექმნან უსაფრთხო და თავისუფალი გარემო უფლებადამცველებისთვის, რათა მათ შეძლონ შეფერხების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა;
  • თავი შეიკავონ უფლებადამცველების დისკრედიტაციისაგან და დაგმონ სხვების მიერ უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი თავდასხმა თუ ცილისმწამებლური კამპანია;
  • საქართველოს პარლამენტნა დაგმოს სოფიო კილაძის მიერ უფლებადამცველების მისამართით გამოხატული ცილისმწამებლური რიტორიკა და განიხილოს მისი მხრიდან პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და ქმედებები, აგრეთვე სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.“ (მუხლი 3 (ო)).

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) წევრი ორგანიზაციების სახელით:

  • ადამიანისუფლებათა ცენტრი (HRIDC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

Facebook Comments