დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის, „მუსავათის“  წევრია.  ის წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ალიევის პოლიტიკას, რის გამოც იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. დაშგინ აღალარლი თავის შვილთან, ორჰან აღალარლისთან ერთად, 2014 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, დაშგინი საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

ფაქტები დაშგინ აღალარლის საქმეზე

  • 2013 წელს პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო, რაც გამოიხატებოდა დაშგინის უკანონო დაკავების ფაქტებში, ასევე იმის გამო, რომ ხშირად საფრთხე ექმნებოდა თავად დაშგინის სიცოცხლეს, აღალარლი ტოვებს აზერბაიჯანის ტერიტორიას; ერთი წლის განმავლობაში ის თურქეთსა და უკრაინას აფარებს თავს.
  • თურქეთში ყოფნის პერიოდში დაშგინი ადგენს, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გამოგონილი ბრალდებით, გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის იძებნება და იძულებულია დაუყოვნებლივ დატოვოს თუქეთის ტერიტორია.
  • 2014 წელს დაშგინი საქართველოში ჩამოდის, იქიდან გამომდინარე, რომ დაშგინი ინტერპოლით იძებნება, მას საზღვარზე აკავებენ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო დაშგინს 3-თვიან საექსტრადიციო პატიმრობას უფარდებს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი-ორგანიზაციის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დახმარებით, აღალარლი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს, დაშგინს ათავისუფლებენ პატიმრობიდან.

ამასთან, საქართველოში ჩამოდის დაშგინის შვილი, ორჰან აღალარლი, რომელიც ასევე იდევნება აზერბაიჯანში მამამისის საქმიანობის გამო. ორჰანიც ლტოლვილის სტატუსს ითხოვს საქართველოში.

  • 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (ლტოლვილთა სამინისტრო) უარს ეუბნება დაშგინ და ორხან აღალარლებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით, რომ მათი საქართველოში ყოფნა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ინტერესებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
  • „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მხარდაჭერით დაშგინ აღალარლი ასაჩივრებს სამინისტროს გადაწყვეტილებას.
  • 2016 წლის ივნისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად აკმაყოფილებს დაშგინ და ორხან აღალარლების მოთხოვნას – ბათილად სცნობს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უარის შესახებ და ავალებს სამინისტროს მიანიჭოს დაშგინ აღალარლების ლტოლვილის სტატუსი.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, დაშგინ აღალარლის მიმართ ძლიერდება დევნა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა: 2016 წლის სექტემბერში, მასთან დაკავშირებას აქტიურად ცდილობენ სხვადასხვა პირები, რომლებიც მას შსს-სა და სუს-ის თანამშრომლებად ეცნობიან. ოფიციალურად, ორივე უწყება უარყოფს აღალარლისთან დაკავშირების მცდელობას.

ლტოლვილთა სამინისტრო ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლო კონტრდაზვერვის დასკვნის საფუძველზე, აუქმებს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას და დაშგინ აღალარლის და მის შვილს უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

  • აღნიშნული გადაწყვეტილებით, ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება იწურება, დაშგინს ექსტრადიციის საფრთხე ემუქრება. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მხარდაჭერით დაშგინი გეგმავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.
  • ამჟამად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, მხარდაჭერით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დაშგინმა და მისმა შვილმა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები მიიღეს, რის საფუძველზეც ისინი საქართველოდან გაძევებას არ დაექვემდებარებიან.

HRHT და მისი წევრი–ორგანიზაცია, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, აგრძელებს დაშგინ აღალარლის და მისი შვილის საქმის მხარდაჭერას.