,,მაწუხებს შფოთვები და მუშაობის დროს ეს შფოთვები კიდევ უფრო მეტად მიმძაფრდება.’’; ,,ისეთ მომსახურებას ვეღარ ვაწვდი ბენეფიციარებს, როგორიც გულით მინდა მივაწოდო“ – წერდნენ უფლებადამცველები საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ადამიანის უფლებათა სახლისთვის შევსებულ ფორმაში.
პროფესიული გადაწვა ყველაზე ხშირი გამოწვევაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა სამუშაო საქმიანობა სხვა ადამიანებთან რეგულარულ კომუნიკაციასთან, ემოციურ თანაგრძნობასთან და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.
უფლებადამცველების ყოველდღიურ საქმიანობას თან სდევს მუდმივი სტრესი. სამართლიანობისთვის ბრძოლა ფიზიკურ მდგრადობას და ემოციურ მზაობას, პრობლემებზე სწრაფ რეაგირებას, მუდმივ კომუნიკაციას, სხვებზე ზრუნვას, სოლიდარობას და ემპათიას მოითხოვს. ასეთ დროს, უფლებადამცველები ხშირად აწყდებიან ,,პროფესიულ გადაწვას“, რაც გავლენას არა მხოლოდ მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, საქმიანობის ხარისხზეც ახდენს.
თბილისის სახლის წევრი ორგანიზაციის „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბლიტაციის ცენტრის (GCRT)“ ძირითადი მიმართულება უფლებადამცველების და აქტივისტების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვაა. GCRT-ის აღმასრულებელი დირექტორის, ფსიქოლოგ ლელა ცისკარიშვილის თქმით, უფლებადამცველები ხშირად პრიორიტეტს ანიჭებენ მუშაობას და არ იტოვებენ დროს საკუთარი თავისთვის. მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ მეტი შეხება აქვთ ტრავმირებულ ადამიანებთან და ტრავმის შემცველ მოვლენებთან. ,,ხშირად ისინი თვითონ ხდებიან დევნის, ჩაგვრის, დისკრიმინაციის ობიექტები. ბოლო პერიოდში ვაკვირდებით სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ზომების გამოყენებას უფლებადამცველების მიმართ. ეს ყველაფერი კი აისახება ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.უფლებადაცვით სფეროში მომუშავე ადამიანებს სამსახურთან დაკავშირებული სტრესის გაზრდილი რისკი აქვთ, ეს კი თავის მხრივ იწვევს პროფესიულ გადაწვას.’’ – ამბობს ლელა ცისკარიშვილი.
2021 წლიდან ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, უფლებადამცველებს ინდივიდუალური მხარდაჭერის გრანტებს სთავაზობს. მხარდაჭერილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, კეთილდღეობის აქტივობებს, მოკლე პერიოდით სამუშაო ადგილის გამოცვლას.
ამგვარი მხარდაჭერის მიზანია უფლებადამცველების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რაც საბოლოოდ იმ ადამიანების კეთილდღეობაზეც აისახება, ვისთვისაც ისინი მუშაობენ.
შესაძლებლობით სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის არაერთი თანამშრომელი და ინდივიდუალური აქტივისტი დაინტერესდა.
ერთ-ერთი ბენეფიციარი მხარდაჭერის მიღებამდე წერდა, რომ აქვს განცდა, თითქოს ათეული წელია შეუსვენებლად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ სხვისი მხარდაჭერა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, აღმოაჩინა, რომ თავს ცუდად გრძნობდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც: ,,საქმიანობის დაწყებიდან 2 წელში მეგონა, რომ 10 წელი მაინც ვმუშაობდი. აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდებოდა დახმარება. ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ პროექტის ფარგლებში გაცემული სერვისი, არამედ უანგარო ზრუნვაც იყო… თუმცა ძალიან დიდ სტრესში ვამყოფე საკუთარი სხეული. მემატებოდა ენთუზიაზმი და პასუხისმგებლობა, მაგრამ ამ ყველაფერს თან სდევდა სხეულის ტკივილი და ემოციური დაღლილობა, რასაც ყურადღებას არ ვაქცევდი“.
ფიზიკური განტვირთვის აქტივობებით დაკავების შემდეგ უფლებადამცველების პროდუქტიულობის გაუმჯობესებასაც ამჩნევენ. ერთ-ერთი უფლებადამცველი სააპლიკაციო ფორმაში წერდა, რომ კონკრეტული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანი იყო მისი შფოთვების და სტრესული ფონის სამართავად: ,,იოგას ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის გონების სიმშვიდის მიღწევა და კეთილდღეობის გრძნობა… ყოველივე ეს კი დადებითად აისახება ჩემი და ჩემი ბენეფიციარების კომუნიკაციაზე გრძელვადიან პერიოდში. რაც უფრო მშვიდი, ნაკლებად დასტრესილი და ჯანმრთელი ვიქნები მე, მით უკეთ გავუწევ დახმარებას სხვებს.’’
ადამიანის უფლებათა სახლის მხარდაჭერა 2021 წლის აგვისტოდან 2024 წლამდე 20-მა ინდივიდმა და 22 -მა აქტივობამ მიიღო, რისთვისაც სულ 32430 ლარი გამოიყო.
ისინი, ვინც საგრანტო შესაძლებლობით ისარგებლა, ამბობენ, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა, რაც აისახა მათ პროდუქტიულობასა და ეფექტურ საქმიანობაზე. ,,ჩვენს საქმიანობაში ყოველდღიურად გიწევს სტრესულ სიტუაციაში ყოფნა, უამრავ პრობლემასთან შეჯახება… გარემო კი არც თუ ისე კეთილგანწყობილია. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და დიდ ძალისხმევას საჭიროებს. არ ვიცი რამდენად შევძლებდი საქმიანობის გაგრძელებას, რომ არა ეს მხარდაჭერა. მომეცა შესაძლებლობა აღმედგინა ძალები და ისევ დავბრუნებოდი ჩემს საქმიანობას, რომელიც ძლიან სენსიტიური და სტრესულია.’’ – დაწერა პროექტის შეფასების ფორმაში ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ლელა ცისკარიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია უფლებადაცვით ორგანიზაციებს გააზრებული ჰქონდეთ გადაწვასთან დაკავშირებული რისკები. ,,ორგანიზაციული პოლიტიკა და პრაქტიკები უნდა ასახავდეს და ითვალისწინებდეს გადაწვის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი მხარდამჭერი სერვისები – იქნება ეს ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა თუ ჯგუფური ურთოერთ-გამაძლიერებელი პროცესები.’’
ადამიანის უფლებათა სახლი აგრძელებს უფლებადამცველებისა და აქტივისტების მხარდაჭერას, გაძლიერებას და მათთვის სხვადასხვა ტიპის შესაძლებლობების შეთავაზებას, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი ფსიქოსოციალურ სერვისებს და გადაწვის საწინააღმდეგო აქტივობებს უჭირავს.
2023 წელს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა ტიპის სერვისით 124 ადამიანმა ისარგებლა. უფლებადამცველებმა და აქტივისტებმა მიიღეს ფსიქოსოციალური, იურიდიული დახმარება, ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაცები და ა.შ.