რუსეთის ხელახალმა თავდასხმამ უკრაინაზე და ამ სასტიკმა ომმა თავისუფალ სამყაროს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ თავისუფლებას ხშირად სისხლის ფასი აქვს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა უფრო მტკივნეული იმ ქვეყნებისთვისაა, რომელთაც რუსული ტერორი და მისი უსასრულო ბოროტება საკუთარ თავზე გამოუცდიათ.

33 წლის წინ, დღევანდელი დღე, სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი აქტივისტების თავგანწირვის დღე. რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას რუსული არმიის მიერ სასტიკად მოკლული 21 ადამიანის სახელი და გვარი აქვს. 2 წლის შემდეგ, ამავე დღემ, ახალი დატვირთვაც შეიძინა და ეს დღე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეც გახდა. 9 აპრილი საქართველოსთვის ერთდროულად სიამაყის და ტკივილის, ბრძოლის და მსხვერპლის, გამარჯვებისა და თავისუფლების ისტორიაა.  

1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევასა და დამოუკიდებლობის აღდგენას წინ მძიმე და ტრაგიკული მოვლენები უძღოდა. 1989 წლის 9 აპრილი, თავისუფლებისთვის მებრძოლი სამოქალაქო აქტივისტები, სასტიკად დარბეული აქცია და ადამიანური მსხვერპლი დღეს ჩვენი ცოცხალი მეხსიერების ნაწილია.

ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. წლების განმავლობაში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მომწიფებული ანტისაბჭოთა განწყობები სამოქალაქო მოძრაობაში გადაიზარდა. 1988 წლიდან მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა. თბილისში  პერიოდულად ეწყობოდა გაფიცვები და მანიფესტაციები. სიტუაცია გამწვავდა 1989 წელს:

  • 4 აპრილს მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი იკრიბება. პროტესტანტთა ნაწილი შიმშილობას იწყებს.
  • 5 აპრილს აქციის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება, თბილისი ფაქტობრივად პარალიზებულია, მუშები იფიცებიან და სასწავლო დაწესებულებები საქმიანობას აჩერებენ.
  • 7 აპრილს, საბჭოთა ხელისუფლებამ მოსკოვს თბილისში დამხმარე ძალების გადმოსროლასთან დაკავშირებით მიმართავს. თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გენერალმა კონსტანტინე კოჩეტოვმა თბილისის აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ თუ არ დაიშლებოდნენ, სისხლისღვრა გარდაუვალი იქნებოდა. მოსკოვი თბილისში საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი და საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმებს გზავნის.
  • 8 აპრილს, ღამის 11 საათიდან თბილისში კომენდანტის საათი ცხადდება. მოსახლეობა ამის შესახებ 45 წუთით ადრე იგებს. სამხედრო კომენდანტად საბჭოთა არმიის გენერალ-პოლკოვნიკი, იგორ როდიონოვი ინიშნება, რომელსაც მოსკოვიდან აქვს სადამსჯელო ოპერაციის გატარების ბრძანება.
  • 9 აპრილს, გამთენიისას, ჯავშანტრანსპორტიორებთან ერთად, ფარებითა და კეტებით შეიარაღებულ რუსულ არმიას ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი ხვდება რუსთაველზე. აქციის დასაშლელად საბჭოთა არმია ქიმიურ ნივთირებებს, ცეცხლსასროლ იარაღს, სასანგრე ბარებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და ტანკებს იყენებს.

დარბევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათგან 17 ქალი. კომენდანტის საათის დროს მოკლეს კიდევ ერთი მამაკაცი. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მოიწამლა 2000-მდე ადამიანი, თუმცა დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია.

სისხლიანი დილა საბჭოთა არმიამ თბილისის ქუჩებიდან გადარეცხა და 21 ადამიანის გარდაცვალება ჭყლეტას და ,,ასფიქსიას“ დაბრალდა.

თავგანწირულმა ბრძოლამ საქართველოს თავისუფლებისთვის გარკვეულწილად დასაბამი მისცა რეპრესიული საბჭოთა რეჟიმის საწინააღმდეგო მოძრაობას. ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ ცნობები მალე გავრცელდა სხვა საბჭოთა სახელმწიფოებში. 1989 წელს წინააღმდეგობრივი კერები გაჩნდა სხვადასხვა ქვეყნებში, რამაც საბოლოოდ, საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია:

  • პოლონეთი, 1989 წლის ივნისი – პოლონეთში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, სადაც კომუნისტურმა პარტიამ პირველად, მრავალი წლის მანძილზე უმრავლესობა ვერ მოიპოვა
  • ბალტიის ქვეყნები, 1989 წლის აგვისტო – ორი მილიონი ადამიანი ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვადან გაერთიანდა და თავისუფლების მოთხოვნით, 600 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა.
  • აღმოსავლეთ გერმანია, 1989 წლის ნოემბერი – ბერლინის კედელთან ერთად დაინგრა კომუნისტური რეჟიმის გავლენა აღმოსავლეთ გერმანიაზე და დაიწყო გერმანიის გაერთიანების პროცესი.
  • ჩეხოსლოვაკია, 1989 წლის ნოემბერი – პრაღაში, სტუდენტების აქციები სასტიკი მეთოდებით დაარბიეს, რაც იმავე წლის დეკემბერში მასიური გამოსვლებით გაგრძელდა და ხავერდოვანი რევოლუციით დასრულდა.
  • რუმინეთი, 1989 წლის დეკემბერი – ანტიკომუნისტურ რევოლუციებს დიდი რაოდენობის მსხვერპლი და მმართველი რეჟიმის გადადგომა მოჰყვა.
  • აზერბაიჯანი, 1990 წლის იანვარი – საბჭოთა არმიამ სამოქალაქო დემონსტრაციები დაარბია, დაიღუპა 130 ადამიანი.
  • რუსეთი, 1991 წლის 26 დეკემბერი – საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა რეფერენდუმზე ერთადერთ შეკითხვას უპასუხეს – ,,ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. კითხვას მოსახლეობის 98%-მა ,,დიახ“ უპასუხა. იმავე წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო, რის შემდეგაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. 1995 წელს, უკვე საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში ჩაიწერა ის, რაც 9 აპრილის გმირებმა მოიპოვეს: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“.  

გზა რუსეთის იმპერიიდან პირველ დამოუკიდებელ რესპუბლიკამდე, შემდეგ კი 1921 წელს წართმეული დამოუკიდებლობიდან მის აღდგენამდე მძიმე და მტკივნეული იყო.  9 აპრილის ღამეს, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მსხვერპლს, ისევე როგორც ბევრ სხვა მსხვერპლს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა წელი, ისტორიული კონტექსტი და ემოცია, მაგრამ ერთი მიზანი და ერთი მიზეზი აქვს.

ასეა 9 აპრილიდან 33 წლის შემდეგ – დღეს თავისუფალი უკრაინა გახდა იძულებული, თავი დაეცვა უსასრულო ბოროტებისგან. 47-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში ვუყურებთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის და პროგრესისთვის. სანამ უკრაინა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ საბოლოო გამარჯვებას იზეიმებს, წლევანდელ 9 აპრილს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი ემოციური დატვირთვა აქვს. ის, რაც უკრაინაში ხდება, ძველ ჭრილობებს გვიმძაფრებს 1989 წლის, 1991-93 წლების და 2008 წლის მსხვერპლს გვახსენებს. საერთოა მტერი და საერთოა სულისკვეთება. 9 აპრილი, საქართველოს ბოლო წლების ისტორია და უკრაინის ბრძოლა ერთი ომია – ომი თავისუფლებას და დამპყრობლობას, სუვერენიტეტს და იმპერიალიზმს, სიკეთესა და ბოროტებას შორის.

ამ ომში გამარჯვების დღეა 9 აპრილი – ერთ მუჭად შეკრული, თავისუფალი ადამიანების გამარჯვების. გამარჯვება ყოველთვის სიკეთის, თავისუფლების მხარეს მდგომ ადამიანებს რჩებათ საბოლოოდ და იმედია, ჩვენც მალე ვიხილავთ უსასრულო ბოროტების დასასრულს და იმ ხალხის კანონზომიერ გამარჯვებას, რომლებმაც რამდენჯერმე გაგვიმეორეს მთელ მსოფლიოს: „Душу й тіло ми положим за нашу свободу.“