პრესკონფერენცია 8 ნოემბერს კინოეთეატრ “ამირანთან” განვითარებულ მოვლენებზე

შაბათს, 9 ნოემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გიამართა პრესკონფერენცია კინოთეატრ “ამირანთან” მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.

2019 წლის 8 ნოემბერს, ქართულ-შვედური ფილმის – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე ძალადობრივი ჯგუფები თბილისსა და ბათუმში რამდენიმე კინოთეატრთან შეიკრიბნენ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი იყო ულტრანაციონალისტური ჯგუფების შეკრება თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ანა სუბელიანი და თამაზ სოზაშვილი, რომლებმაც ლგბტ თემის წევრები ფილმის ჩვენებაზე მიაცილეს და იქ თავიანთ უფლებადაცვით საქმიანობას ახორციელებდნენ, მიზანმიმართული აგრესიისა და მუქარის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ ძალადობრივი აქციის მონაწილეების მხრიდან. ანა სუბელიანს ძალადობრივი აქციის მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა, რის გამოც ის მოგვიანებით სამედიცინო პუნქტში იქნა გადაყვანილი და მას თვალის არეში შვიდი ნაკერი დაადეს.

პრესკონფერენციაზე ისაუბრეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ, სამოქალაქო აქტივისტებმა – ანი სუბელიანმა და თამაზ სოზაშვილმა. ამასთან, მომხდარზე სამართლებრივი შეფასება  გააკეთეს თბილისის სახლის წევრი ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტებმა – ეკა ქობესაშვილმა და დიმიტრი ნოზაძემ, რომლებიც აქტივისტების ინტერესებს იცავენ.

იურისტების – ეკა ქობესაშვილის და დიმიტრი ნოზაძის განცხადებით მნიშვნელოვანია ანა სუბელიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი (რაც მოხდა კიდევაც 10 ნოემბერს) და დაისაჯონ ისინი, ვინც 8 ნოემბრამდე რამდენიმე დღით ადრე აკეთებდნენ ძალადობრივ მოწოდებებს და წააქეზეს მოძალადეები. იურისტების განცხადებით, სუბელიანსა და სოზაშვილზე თავდამსხმელებს ამოძრავებდა სიძულვილი და აუცილებელია, რომ გამოძიების ეტაპზე ეს გათვალისწინებული იყოს.

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს სასამართლომ 11 ნოემბერს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Comments