მოხალისეობრივი საქმიანობა პანდემიისას – Helping Hand-ის პლათფორმა

,,მე მოხალისე ვარ, გამომყევი!“

„მოხალისეობამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. დიდი ხნის წინ, ეს გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო, დღეს ნამდვილად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ვარ“ – ეს ქეთია, ორგანიზაცია Helping Hand-ის პლათფორმის ერთ-ერთი მოხალისე. ქეთის ვერ წარმოუდგენია, სხვების დახმარებაზე მეტად, რას შეუძლია მისი გაბედნიერება. მოხალისეობრივი საქმიანობა  წლების წინ, Helping Hand-თან ერთად დაიწყო, როცა თბილისის ერთ-ერთ სოციალური თერაპიის სახლში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობდა.

,,მათთან ერთად ვმუშაობდი, ვხატავდი, ვკითხულობდი, ვსადილობდი… მათგან ბევრს ვსწავლობდი და იმედი მაქვს, მეც შევძელი  მათთვის განსაკუთრებული მოგონებების შექმნაში ჩემი წვლილის შეტანა. ერთ-ერთ ბენეფიციარს არასოდეს ავიწყდება ჩემი დაბადების დღე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, ყოველ წელს მილოცავს. რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო?!“

Helping Hand ერთ-ერთი პირველი ქართული ორგანიზაციაა, რომელმაც მოსახლეობრივი საქმიანობის მნიშვნელობა გააცნობიერა. 2009 წლიდან, ორგანიზაციის მიზანი, ქვეყანაში მოხალისეობის კულტურის დანერგვა და პოპულარიზაციაა.

,,როცა ამ ყველაფერს ვიწყებდით, იმ პერიოდში, ძალიან ცოტა პროგრამა თუ პროექტი იყო, რომელიც მოხალისეობის საშუალებას მოგცემდა. ამიტომ, Helping Hand საერთაშორისო გამოცდილებიდან სწავლობდა და პირველი იყო, ვინც საქართველოში  მსგავს პრაქტიკებს ნერგავდა. ჩვენი ერთ-ერთი პირველი პროექტის ფარგლებში, მოვახერხეთ მოხალისეების რესურს ცენტრის შექმნა.“ – ამბობს თინათინ მესხი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი.

პანდემიის პარალელურად,  როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ორგანიზაცია ბევრი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სამთავრობო შეზღუდვების შესაბამისად,  ორგანიზაციის წევრებს მოხალისეობრივი საქმიანობა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. მეორე მხრივ, პანდემიამ კიდევ უფრო გააუარესა სამიზნე ჯგუფების მდგომარეობა. სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, “Helping Hand”-მა არსებული პროგრამების ონლაინ სივრცეში გადატანა გადაწყვიტა, რაც ფინანსური დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იყო.

ფინანსური მხარდაჭერის მიღება ორგანიზაციამ  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტიდან: „კოვიდ 19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ შეძლო, რომელსაც ფრანგული ორგანიზაცია ERIM (ყოფილი IREX) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან ერთად ახორციელებს.პროექტის მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობასა და COVID-19-ით გამოწვეული ზიანის შემცირებას.

“Helping Hand” ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის,  რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსდა და ახალი პლთაფორმა   www.helpinghand.ge შექმნა. 

ათეულობით ორგანიზაცია და მოხალისე, პლათფორმაზე მალევე დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულებს, სხვადასხვა სახის მოხალისეობრივი სერვისების მიღება და შეთავაზება  მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.  ბენეფიციარებს შორის დღის ცენტრები, მოხუცთა თავშესაფრები და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ორგანიზაციებია.

„პანდემიამ მომცა შესაძლებლობა, ამჯერად მე დავხმარებოდი სხვა მოხალისეებს. პლათფორმაზე რეგისტრაციის გარდა, მათ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაში ვეხმარები. პანდემიის გამო გამოწვეული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ მაინც შეგვიძლია ისევ ბევრი ვაკეთოთ ერთმანეთისთვის“ – ამბობს ქეთი.

პლათფორმაზე დარეგისტრირებული მოხალისეები ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით, პოზიტიური ცვლილებებისთვის იბრძვიან. ერთ-ერთი ამერიკელი მოხალისე, მარტოხელა და უსახლკარო დედების შესახებ ვიდეოებს ინგლისურად თარგმნის. მისი დახმარებით, ორგანიზაციამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალების შესახებ ინფორმაციის მასობრივად გავრცელება შეძლო. რის შედეგადაც, საკვების, ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დონაციები შეგროვდა.

მომავლის გეგმები

Helping Hand-ის სამიზნე აუდიტორიას, ძირითადად, 20-25 წლის ახალგაზრდები წარმოადგენენ, თუმცა ორგანიზაცია გეგმავს, 25 წელს ზემოთ პირებისთვისაც წაახალისოს მოხალისეობრივი საქმიანობა. ,,პანდემიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა მოხალისეობრივი საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია წავახალისოთ, არა მხოლოდ მოზარდები, არამედ ზრდასრული ადამიანები. პლათფორმა ყველას სთავაზობს, თავად აირჩიონ, ვისთან სურთ მუშაობა. ვფიქრობთ, მალე შევძლებთ ზრდასრულების ჩართვას მოხალისეობრივ პროგრამაში და ვიპოვით მხარდაჭერას ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება“ – ამბობს თინათინი.

ორგანიზაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რესურსების მობილიზებას და განსხვავებული  გამოცდილებების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას.

პროექტს “COVID 19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ფრანგულ ორგანიზაცია ERIM (ყოფილი IREX)-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ძირითადუ მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა და COVID 19-ით გამოწვეული უშუალო და გრძელვადიანი ზიანის შემსუბუქება. პერიოდულად გაზიარებული წარმატების ისტორიებით, გაჩვენებთ პროექტის გავლენას და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

Facebook Comments