მესამე ლიდერობის აკადემია საქართველოში

 

29-31 ოქტომბერს „ფაბრიკას“ საკონფერენციო სივრცეში მესამე ლიდერობის აკადემია ჩატარდა. აკადემია განხორციელდა პროექტის „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტს „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ საფრანგეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია IREX-ევროპა -სთან  თანამშრომლობით ახორციელებს და მისი მიზანია ახალგაზრდა უფლებადამცველი ქალების აღმოჩენა და გაძლიერება. აღნიშნული პროექტი ევრაზიის 5 ქვეყანაში, 26 თვის მანძილზე მიმდინარეობს, ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. ლიდერობის აკადემიას საქართველოში თანადაფინანსებულია “ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის” მიერ.

მესამე ლიდერობის აკადემიაში  მონაწილეობდა არასამთავრობო სექტორში აქტიური 30-მდე ახალგაზრდა უფლებადამცველი ქალი საქართველოდან და აზერბაიჯანიდან.  მესამე აკადემიის თემა იყო არაკომერციული და სოციალური მარკეტინგი უფლებადამცველებისთვის.

აკადემია გაიხსნა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორის, ნათია თავბერიძის მისასალმებელი სიტყვით, სადაც მან აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორში საკომუნიკაციო უნარების განვითარება. პირველი სესია ჩაატარა ბაია პატარაიამ – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორმა. სესიაზე მან მონაწილეებს გაუზიარა არასამთავრობო ორგანიზაციაში არსებული კრიზისების მართვის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.

შემდეგ, მონაწილეებს სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარა ჯეპრას პროექტების მენეჯერმა, საბა ჯაჯანიძემ. ტრენინგის თემები იყო:  არაკომერციული მარკეტინგი, ბრენდინგი, ორგანიზაციის მოდელი და სამოქალაქო საზოგადოებები 21-ე საუკუნეში, ორგანიზაციის ფასეულობები, საკომუნიკაციო არხები და სხვ. ტრენინგის ფარგლებში აკადემიის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და გააკეთეს პრაქტიკული დავალებები.

ტრენინგზე მოწვეული სტუმრის სტატუსით ისაუბრა ასევე თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ. ნინომ მონაწილეებს გააცნო საკუთარი გამოცდილება  მარკეტინგში და თანამედროვე საკომუნიკაციო მეთოდების გამოყენებაში.

ლიდერობის აკადემია საქართველოში მოიცავს 3-დღიან სესიებს და მისი  მიზანია ახალგაზრდა უფლებადამცველი ქალების გააქტიურება და მათი როლის გაზრდა პოლიტიკის ფორმირებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. პირველი ლიდერობის აკადემია 2018 წლის სექტემბერში ჩატარდა და მოიცავდა სატრენინგო სესიებს შემდეგ თემებზე: გენდერული თანასწორობა, სამუშაო ადგილზე თანასწორობა, ადვოკატირება, კრეატიული კამპანიისა და მედია კამპანიის დაგეგმვა. რიგით მეორე ლიდერობის აკადემია 2019 წლის მარტში ჩატარდა და მისი თემატიკა იყო კრეატიული კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, ასევე პრეზენტაციის უნარების განვითარება.

Facebook Comments