მარიამ ბუჩუკური: „საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება ადვილი არ არის“

მარიამ ბუჩუკური, არასამთავრობო ორგანიზაციის – „შიდა ქართლის სათემო ფონდი მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ხელმძღვანელია. მარიამი 2010 წლიდან სათემო მუშაკია და ქალთა გაძლიერების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს.

* * *

წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისიდან ვარ. ტირძნისი ერგნეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება არ არის ადვილი. ყოველ საღამოს კარგად ხედავ, როგორ არის რუსი სამხედროების ბაზები განათებული. იქედან ხშირად ისმის სროლის და აფეთქების ხმა, რაც ომით მოყენებულ ტკივილს და განცდას აახლებს. ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ხშირად აკავებენ ადგილობრივებს. მავთულხლართების იქეთ დარჩა ულამაზესი ბუნება, სადაც მისვლა აკრძალული გვაქვს და ამ აზრთან შეგუება შეუძლებელია.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩვენი სოფელი თითქმის მთლიანად დაიცალა. ტირძნისიდან ჩვენც წავედით. თავიდან თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის შენობაში შეგვასახლეს დროებით, შემდეგ გარკვეული პერიოდი კი გორის ახალბაღის ლტოლვილთა კარვებში ვცხოვრობდით.

სოფელში დაბრუნების შემდეგ მძიმე სურათი დაგვხვდა: მოშლილი იყო მთელი ინფრასტრუქტურა, ხალხს კი ყველაფრის იმედი და ხალისი დაკარგული ჰქონდა. სასოწარკვეთილი  იყო მთელი სოფელი, კაციც და ქალიც, დიდიც და პატარაც.

ტირძნისში მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც აქ ფონდი „ტასო“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი შემოვიდა.

თავიდან პროექტში როგორც სათემო მუშაკი, ისე ჩავერთე. 2012 წელს კი ტირძნისის თემში მოქმედი ქალთა 8 საინიციატივო ჯგუფისგან შიდა ქართლის სათემო ფონდი შევქმენით და უფრო აქტიური საქმიანობა დავიწყეთ.

ფონდის საქმიანობის გეოგრაფიულ არეალში მოექცა 6 სოფელი: ტირძნისი, მეღვრეკისი, თერგვისი, ქორდი, ფლავი და სკრის დევნილთა დასახლება. სათემო ფონდის მთავარი მიზანი იყო, გაგვეზარდა ქალთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და ჩვენი საქმიანობით შეგვეცვალა ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ.

დონორების დახმარებით განვახორციელეთ სოციალური  და ინფრასტრუქტურული პროექტები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სოფელში მოშლილი იყო ყველაფერი. ჩვენი ინიციატივით და დონორების დახმარებით, მოიხრეშა შიდა საუბნო გზები და მოეწყო სამურნეო  მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი გზები. ტირძნისის საბავშვო ბაღს შევუძინეთ სამზარეულო. ტირძნისის თემში შემავალ სოფელ თერგვისის მოსახლეობას ვუყიდეთ ტრაქტორი, რითაც ფიჩხი და შეშა დღემდე მოაქვთ.

გვქონდა ეკონომიკური პროექტებიც, რომლებიც უშუალოდ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული: ერთ ქალს ფუტკრის რამდენიმე ოჯახი შევუძინეთ, ქალთა ჯგუფს კი, რომლებმაც თავიანთი ნაკვეთები გააერთიანეს, სიმინდის მოყვანაში დავეხმარეთ. სხვათაშორის, იმ წელს სიმინდის ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს.

პროექტების ნაწილი ახალგაზრდების საჭიროებებზე და სოციალურ პრობლემებზე იყო ფოკუსირებული. ამ პროექტების ფარგლებში გაცემული გრანტებით სასაზღვრო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ფლავში ბიბლიოთეკა გავხსენით. ბიბლიოთეკა გავაკეთეთ სოფელ მეღვრეკისშიც, სოფელ თერგვისში კი მოვაწყვეთ სპორტული მოედანი და საჭირო ინვენტარიც შევუძინეთ.

ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში ქალები აქტიურად ჩართულიყვნენ. თავიდან უბან-უბან დავდიოდი და ქალებს სათითაოდ ვუხსნიდი, რატომ უნდა მიეღოთ მონაწილეობა სოფლის საერთო კრებაში, რატომ და როგორ უნდა შეგვედგინა პრიორიტეტულად განსახორცელებელი საქმიანობების სია და რა და როგორ მოგვეთხოვა თვითმმართველობისგან. ახლა ასეთი აქტიურობა აღარ მჭირდება. საერთო კრებაზე მისასვლელად ხვეწნა აღარ სჭირდებათ. ჩვენ მიერ გამოვლენილი პრობლემების ნაწილი ჩვენივე აქტიურობის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოაგვარა: გააკეთეს გარეგანათება, აღადგინეს სასმელის წყლის მოწოდება და გაასუფთავეს სარწყავი არხები, რაც სოფლის მოსახლეობას ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა.

ქალთა მიმართ ძალადობა აქაც ისეთივე აქტუალური იყო, როგორც დანარჩენ საქართველოში. შესაბამისად, მოსახლეობაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზეც ბევრი ვიმუშავეთ. მივდიოდით ოჯახური ძალადობის მსხვეპლ ქალებთან და დეტალურად ვუხსნიდით, რისი უფლება ჰქონდათ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში დიდი პროგრესი გვაქვს. ქალებმა უკვე ჩვენი დახმარების გარეშეც იციან, ძალადობის შემთხვევაში ვის და როგორ უნდა მიმართონ.

პროფესიით ეკონომისტი ვარ და ტირძნისის საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს ეკონომიკას ვასწავლი. ეს არჩევითი საგანია. გაკვეთილს ხშირად ისე ვატარებ, რომ ეკონომიკას ქალთა უფლებებთან ვაკავშირებ. გოგონებს ვუხსნი, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ განათლება და პროფესია, რათა საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა შეძლონ და არ იყვნენ იძულებულები, დარჩნენ იქ, სადაც მათთვის არაკომფორტული გარემო იქნება. ქალთა ძალადობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დღემდე ეს არის: ძალადობის მსხვერპლ ქალებს არა აქვთ განათლება, პროფესია და დამოუკიდებლად საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ.

ძალიან მინდა საკუთარი ბიზნესი მქონდეს. მინდა ჟოლოს ბაღი გავაკეთო, სადაც ადგილობრივ ქალებს დავასაქმებ.

სოციალური საწარმოს გაკეთებასაც ვაპირებ. სოციალური საწარმო საჭიროა იმისთვის, რომ მუდმივად გრანტზე არ ვიყო დამოკიდებული და ორგანიზაციამ დასახულ მიზნებს საკუთარი რესურსებით მიაღწიოს.

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.

Facebook Comments