ლუდა სალია: „მავთულხლართებთან მიტოვებულ სახლს ვიყიდი და ახალ თავშესაფარს მოვაწყობ“ 

ლუდა სალიამ საკუთარი სახლი და აფხაზეთი 26 წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა. ახლა ის რუსეთის ოკუპაციას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან აპროტესტებს, სადაც .. გამყოფ ზოლთან ახლოს, მავთულხლართების პირისპირ ხანდაზმულთა თავშესაფარი მოაწყო.  

* * *

წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ. სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. პირველი კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექთანი ვიყავი. სოხუმი 1993 წლის 28 სექტემბერს დავტოვე: მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა გარდაცვლილი ადამიანი დავკრძალეთ და აგუძერაში შემოსულ გემზე ბოლო დაჭრილი ავიყვანეთ. 28 სექტემბრის ღამეს მეც შევუდექი ჭუბერის უღელტეხილის გზას. თბილისში 12 დღის შემდეგ ჩამოვედი.

დევნილობაში დავოჯახდი. ჩემი დედამთილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან იყო წარმოშობით და იქ მამა-პაპისეული სახლი ჰქონდა. 2008 წლის აგვისტოში, ომის წინა დღეებში იქ ვიყავით, მამამთილისთვის დაბადების დღე უნდა გადაგვეხადა. ღმერთის წყალობით გადავრჩით. თავიდან ხურვალეთიც რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. საბედნიეროდ, სახლები არ გადაუწვავთ. ოკუპანტებმა მალევე დატოვეს სოფელი და მოსახლეობაც ნელ-ნელა დაბრუნდა.

ხურვალეთში ხალხი დღემდე დუხჭირად ცხოვრობს. მოსავალი ვერ მოჰყავთ: სარწყავი წყალი არ არის. მიწის ორი ნაკვეთი, რომელიც ჩემს ოჯახს ჰქონდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართებს იქეთ მოექცა ბევრი ჩვენი თანასოფლელის მიწაც. ოკუპანტებმა ტყეც წაგვართვეს და საძოვარიც. სოფელში ცხოვრება ჩაკვდა. ხალხი მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს და არავის არაფერი უხარია. ოკუპანტები ხან საქონელს იტაცებენ და ხან ადამიანებს.

სულ ვფიქრობდი, რით შეიძლებოდა დავხმარებოდი ხალხს. ომის შემდეგ ხურვალეთში როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ ყველაზე მეტად დახმარება მოხუცებს სჭირდებოდათ. ბევრი მათგანი სახლში მარტო დარჩა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სიარულიც კი არ შეეძლოთ. ხშირად არ ჰქონდათ საჭმელი, წყალი და აუცილებელი წამალი.

ხურვალეთში ჩემი დედამთილის კუთვნილი დაკეტილი სახლი შევაკეთე და იქ ხანდაზმულთა თავშესაფარი გავხსენი. თავშესაფარში ამჟამად 13 ხანდაზმული ცხოვრობს. მხოლოდ ერთია სამეგრელოდან, დანარჩენი ყველა ქართლიდანაა და 2008 წლის ომის დროს იძულებით გადაადგილებული პირი ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. თავშესაფარში ხურვალეთელი არავინ გვყავს: სოფელში თუ ვინმე არის სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული, მათ ადგილზე, ოჯახებში ვეხმარებით.

თავშესაფარში ხანდაზმულებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ლიფტიც კი გავაკეთე, რომ მეორე სართულზე ასვლა არ გაუჭირდეთ. თავიდან თავშესაფრის შექმნაში დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაგვეხმარნენ. შემდეგ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მივმართე განცხადებით და ლიცენზიაც ავიღეთ – ახლა უკვე როგორც მომსახურების მიმწოდებელი, ისე ვარ დარეგისტრირებული და თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც ვიღებთ. კეთილ ადამიანებს რა დალევს, ხშირად გვეხმარებიან კიდეც, ხან – თანხით, ხან – პროდუქტებით. სურსათი როცა მოაქვთ და ვხედავ, რომ იმაზე მეტი პროდუქტი გვაქვს, ვიდრე გვჭირდება, სურსათის ნაწილს სოფელში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახებს ვაძლევთ.

მეც ძირითადად ხურვალეთში ვცხოვრობ. თბილისში მხოლოდ თვის ბოლოს, საბუღალტრო საქმეების მოსაგვარებლად ჩამოვდივარ.

ხურვალეთში თავშესაფრის გახსნით რუს ოკუპანტებს დისკომფორტი შევუქმენი: სახლი, სადაც თავშესაფარია გახსნილი, მათი პოზიციიდან ძალიან კარგად მოჩანს და ამ სახლზე საქართველოს დროშები ფრიალებს!

ყოველ ჯერზე ვაპროტესტებ მავთულხლართების გადმოწევასაც. 2019 წლის 15 მარტს, როდესც ოკუპანტები ხურვალეთში შემოვიდნენ, პირველმა მე ავტეხე ერთი ამბავი – ფოტოები გადავიღე და სოციალური ქსელით გავავრცელე. მავთულხლართებთანაც ხშირად მივდივარ და ვეუბნები, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, ისინი ოკუპანტები არიან და ადრე თუ გვიან ამ მიწა-წყლის დატოვება მოუწევთ.

მეუბნებიან, დიდი ამბავი, 5 მეტრით თუ გადმოწიეს „საზღვარიო“. 5 მეტრი არ არის სათქმელი და სადარდებელი?! ასე, 5 და 1 მეტრის გადმოწევით გაილია ეს ქვეყანა! ომგამოვლილი ქალი ვარ, აფხაზეთდაკარგული, ახლა ქართლდაკარგული და ქართული მიწის ყოველი მტკაველის დაკარგვა მტკივა.

ხშირად მეკითხებიან, მავთულხლართებთან, ოკუპანტების პირისპირ ოკუპაციის გაპროტესტების რატომ არ მეშინია. მე რისიც მეშინოდა, უკვე მოხდა: აფხაზეთი დავკარგე. საუკეთესო ვაჟკაცებს დავუხუჭე სამუდამოდ თვალები. ახლა აღარაფრის მეშინია. ჩემს დაჭერას თუ დააპირებენ, ვეცდები, ცოცხალი ხელში ვერ ჩამიგდონ.

ზოგჯერ იმასაც მეუბნებიან, გაპროტესტებას რა აზრი აქვს, რომ გააპროტესტე, ამას შედეგად რა მოჰყვა, ოკუპანტი წავიდაო? არ წავიდა, მაგრამ ოკუპანტს ჩვენ უნდა შევუქმნათ დისკომფორტი და ის უნდა მიხვდეს, რომ ეს საქართველოს მიწაა, ის დამპყრობელია და მისი აქ ყოფნა ჩვენთვის მიუღებელია.

ჩემი პროტესტი ოკუპანტებს ხომ არ მოსწონთ და როგორც ჩანს, არც  ხელისუფლებას მოსწონს. მას შემდეგ, რაც 15 მარტს ხურვალეთში რუსი სამხედროების შემოსვლის შესახებ ერთი ამბავი ავტეხე, სოციალურ ქსელში ტროლები მომისიეს. წერდნენ, რომ პროვოკატორი ვარ და რომ შუაგულ ქართლში მე, მეგრელს არაფერი მესაქმება. ხურვალეთიდან ჩემი გასახლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების იდეაც კი წამოაყენეს!

15 მარტის შემდეგ საგუშაგოზე პრობლემას მიქმნიან და ხანდაზმულთა თავშესაფარში მოსვლის მსურველებს ხურვალეთში აღარ უშვებენ. ეტყობა უნდათ, რომ თავშესაფარი დავხურო. თუ ვინმე ამაზე ფიქრობს, მინდა ხმამაღლა ვუთხრა, რომ თავშესაფარს არ დავხურავ! პირიქით, მტრის ჯინაზე, მავთულხლართებთან ახლოს ახლა ერთ მიტოვებულ სახლს ვიყიდი და იქ ალცჰაიმერით დაავადებული ხანდაზმულებისთვის ახალ თავშესაფარს მოვაწყობ.

ავტორი: მანანა ვარდიაშვილი

სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.

Facebook Comments