ღონისძიებამ „თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის“ 2019 წლის 16 ივლისს 150-ზე მეტ ინდივიდუალურ აქტივისტს, უფლებადაცვითი ორგანიზაციის თუ საერთაშორისო და დიპლომატიური მისიების წარმომადგენელს უმასპინძლა, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან.
ფორუმი თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით უკვე მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანი ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონალური ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის ერთიანი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, რეგიონებში უფლებადაცვითი აქტივიზმის გაძლიერება და ხელშეწყობაა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს ხუთი რეგიონიდან ინდივიდუალურ სტენდებთან წარმოდგენილმა ათმა ორგანიზაციამ თავიანთ ბეჭდური და საინფორმაციო მასალა წარმოადგინა დაინტერესებული პირებისთვის.
2019 წლის ფორუმს განსაკუთრებული შინაარსი ჰქონდა, რადგან ის ასევე მასპინძლობდა ძლიერ და აქტიურ ქალებს, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, თუმცა მათი საქმიანობა და ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. აქტიური ქალების, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები და ეთნიკური უმცირესობების თემის წევრი ქალების როლი, ფასდაუდებელია, რადგან ისინი ხშირად დაბრკოლებებს აწყდებიან არა მხოლოდ როგორც უფლებადამცველები, არამედ როგორც ქალებიც, რომლებიც გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.
ფორუმის ფარგლებში გამართული პანელურ დისკუსიებში, აქტიური მონაწილეობა მიიღეს რეგიონებიდან ჩამოსულმა ინდივიდუალურმა ქალმა აქტივისტებმა. პარალელური პანელური დისკუსიის თემები იყო ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში ქალთა უფლებების დაცვა და უფლებადაცვითი აქტივიზმი საქართველოს რეგიონებში. პირველ პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო მოწყვლადი ჯგუფების (ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების) წარმომადგენელი ქალების წინაშე არსებული პრობლემები. თავად ამ ჯგუფების წარმომადგენელმა ქალებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და ხაზი გაუსვეს განათლების მნიშვნელობას ჩაგვრისთვის თავის ასარიდებლად. მეორე დისკუსიაზე კი იმ რეგიონალური ორგანიზაციების საჭიროებებზე იყო საუბარი, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. დისკუსიაზე გამოიკვეთა საკომუნიკაციო პლატფორმის მნიშვნელობა და საჭიროება საქართველოს რეგიონებში მომუშავე უფლებადამცველებისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციებისთვის.
ფორუმზე პარალელურად მოეწყო ფოტოკონკურსში „უცნობი პორტრეტები – ქალები და აქტივიზმი“ მონაწილე ფოტოების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება. ფოტოკონკურსზე გამოიფინა 12 აქტიური, ძლიერი ქალის პორტრეტი, რათა მათ წინაშე არსებული პრობლემების და მათი აქტივობების შესახებ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გამხდარიყო ცნობილი. ეს იყო იმ ქალების პორტრეტები, რომლებიც ზრუნავენ მოწყვლადი ჯგუფების უფლებებზე, აქტიურობენ საკუთარ თემში, თავად წარმოადგენენ ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს, შშმ პირებს, აქვთ მცირე ბიზნესი და ა.შ.. კონკურსის გამარჯვებულ 2 ფოტოგრაფს და 3 ფოტოგრაფირებულ ქალს გადაეცათ პრიზები – ფოტოგრაფებს ფულადი პრიზი, ფოტოგრაფირებულ ქალებს კი შესაძლებლობა, რომ თბილისის სახლის გრანტით განახორციელონ პროექტი იმ საკითხზე, რომლის ადვოკატირებასაც ახორციელებენ საკუთარი აქტივობით.
ფორუმზე გაიმართა ასევე ვიდეორგოლის პრეზენტაცია. ვიდეორგოლში წარმოდგენილია ხუთი ქალის ინტერვიუ, მისი მიზანია გაზარდოს ცნობადობა იმ პრობლემებზე, რომლის წინააღმდეგაც ეს ქალები იბრძვიან, ასევე გააძლიეროს სხვა ქალები და დაანახოს, რომ პრობლემა შესაძლოა მხოლოდ გამოწვევა იყოს, და „ინიციატივას – ერთ ადამიანს“-აც შეუძლია ცვლილებების განხორციელება.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ორგანიზებული ფორუმი ყოველწლიურად ტარდება – წელს ფორუმი ჩატარდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით, IREX ევროპასთან პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქალი უფლებადამცველების ან იმ უფლებადამცველების როლის გაზრდას, რომლებიც ქალთა/გოგონათა უფლებებს იცავენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები აქტიური ქალების და მათი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და იმ პრობლემების წარმოსაჩენად, რასაც ისინი ებრძვიან. საქართველოში პროექტი „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ თანადაფინანსებით ხორციელდება.
ორგანიზაციის შესახებ:
თბილისის სახლი არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას. თბილისის სახლი დაფუძნდა „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის“ მხარდაჭერით, 2010 წელს. „ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“ იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ამჟამად დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ საქმიანობას 11 ქვეყანაში მოქმედ 16 ადამიანის უფლებათა სახლში. თბილისის სახლი შედგება შემდეგი ხუთი წევრი ორგანიზაციისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“. თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის და ადვოკატირების მიზნით, თბილისის სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით იცავს და აძლიერებს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს, ასევე ახორციელებს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო საქმიანობას.