თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის

თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის – სახელწოდებით ღონისძიება წევრ ორგანიზაციებთან ერთად, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ინიციატივითა და ორგანიზებით 22 ივნისს, „ფაბრიკაში“ გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თბილისში შეიკრიბნენ.  პერსონალურ სტენდებთან 10 რეგიონული ორგანიზაცია წარდგა, სადაც გამოფენილი იყო მათი აქტივობების ამსხაველი ბეჭდური თუ ვიზუალური მასალა. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციები ჩამოვიდნენ შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან. გარდა ფორუმის მონაწილეებისა, ღონისძიებას 20-მდე რეგიონიდან ჩამოსული ადამიანი და 50-მდე თბილისში მოქმედი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი, ნათია თავბერიძე  მიესალმა ფორუმის მონაწილეებსა და დასმწრეებს და ხაზი გაუსვა რეგიონულ ორგანიზაციების საქმიანობის და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ნათია კაციტაძე – თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, რომლის დაფინანსებითაც შედგა ფორუმი.

ფორუმის მონაწილეებსა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, ბატონმა იოს დაუმამ. „მნიშვნელოვანი და სასიხარულოა რეგიონულ ორგანიზაციებთან შეხვედრა, მათთან პირისპირ გასაუბრება და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან გაგება “ – აღნიშნა ელჩმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ტრადიციად დამკვიდრდება და მისი მონაწილეების რაოდეობა მომავალში უფრო მეტად გაიზრდება.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, არაფორმალურ კონტექსტში ფორუმის მონაწილეებსა თუ დამსწრეებს შორის აქტიური კომუნიკაცია შედგა, მოხდა კონტაქტების გაზიარება, შემდგომი შეხვედრის თაობაზე შეთანხმება და მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა.

 თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის შესახებ:   

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRH-თბილისი) არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ხუთ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სახლი დაფუძნდა თბილისში „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის“ მხარდაჭერით და 2010 წლის ივლისში დარეგისტრირდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. HRH-თბილისი იმავე წელს ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის წევრი გახდა. „ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი“ იცავს, აძლიერებს და მხარს უჭერს უფლებადამცველებს და მათ ორგანიზაციებს. ამჟამად დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაციები ერთობლივად ახორციელებენ საქმიანობას 11 ქვეყნაში მოქმედ 16 ადამიანის უფლებათა სახლში. HRH-თბილისი შედგება შემდეგი წევრი ორგანიზაციებისგან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“„წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“კავშირი  “საფარი” და  „მედიის ინსტიტუტი“. ადამიანის უფლებათა სახლის კონცეფციიდან გამომდინარე, თანამშრომლობის და ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებით, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის ადვოკატირების მიზნით, HRH-თბილისის ყველა წევრი ორგანიზაცია განთავსებულია ერთ სივრცეში და მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, კანონმდებლობის გაუმჯობესება, ადვოკატირება, ადამიანის უფლებების შესახებ განათლება და რისკის ქვეშ მყოფი უფლებადამცველების, აქტივისტების და ჟურნალისტების დაცვა. დაცვის პროგრამის ფარგლებში HRH-თბილისი ეხმარება აზერბაიჯანიდან დევნილ უფლებადამცველებს, აქტივისტებს და ჟურნალისტებს, რომლებიც თავს აფარებენ საქართველოს.

Facebook Comments