თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას არ აამოქმედოს ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან ხელმოწერილი თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოში

განახლება: 2021 წლის 21 აგვისტოს, დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე. ძალაში შესვლის თარიღი: 01/08/2021

 

13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა[1], რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ. დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია. დოკუმენტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებსაიტზე, შესაბამისად, საქართველოში, სავარაუდოდ, მას იურიდიული ძალა ჯერ არ შეუძენია. თუმცა, არსებობს 2020 წლის 6 აგვისტოს დადენილება[2], რომელიც ამტკიცებს შეთანხმების ძალაში შესვლას და მის ასამოქმედებლად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას.

შეთანხმების მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რეგულარუად გაცვლონ ინფორმაცია, ოპერატიულად ითანამშრომლონ სხვადასხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მათ შორის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციური მთლიანობის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ.[3] აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმი სწორედ მსგავს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს უფლებადამცველებსა და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, რითაც ახშობს ბელარუსში კრიტიკულ აზრს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და კრძალავს ქვეყანაში უფლებადამცველების  ლეგიტიმურ საქმიანობას. [4]

ერთ წელიწადზე მეტია,[5] რაც 2020 წლის 9 აგვისტოს არალეგიტიმურად შეჯამებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღას, ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან ფართომასშტაბიანი კოორდინირებული და უწყვეტი შეტევა მოჰყვა მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველების, ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ. დღევანდელი მდგომარეობით, ბელარუსში 631 ადამიანია მიჩნეული პოლიტიკური პატიმრად[6].

2021 წლის 23 მაისის შემდეგ, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ სამგზავრო თვითმფრინავს მინსკისკენ შეაცვლევინა გეზი და ჟურნალისტი დააკავა, საჰაერო სივრცეში დაწესებული სანქციების გამო, საქართველო იმ მცირე ქვეყნებს შორის დარჩა, სადაც ბელარუსიდან დევნილებს გამომგზავრება და თავის შეფარება შეუძლიათ.

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს თუ სხვა შეზღუდვებს აწესებს, რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, არ აღიარებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და წყვეტს თანამშრომლობას მოქმედ რეჟიმთან.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ არ დაუშვას უსაფრთხოების სამსახურებს შორის დადებული შეთანხმების რეალური ამოქმედება, რადგან აღნიშნული დოკუმენტის გამოყენება საფრთხეს შეუქმნის საქართველოში დევნილობაში მყოფ ბელარუსებს, განსაკუთრებით, უფლებადამცველებსა და აქტივისტებს. უფლებადამცველების დაცვის ვალდებულება კი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ სახელმწიფოს აკისრია. [7] ბელარუსის ავტორიტარულ რეჟიმთან ამოქმედებული შეთანხმებით და მისი გამოყენებით, საქართველოს მხარე უხეშად დაარღვევს ადამიანის უფლებებს, საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ადამიანის უფლებათა სახლი, მოუწოდებს საქართველოში მყოფ ბელარუს უფლებადამცველებს თუ პოლიტიკურ დევნილებს, მოგვმართონ სამართლებრივი დახმარებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხო ყოფნა საქართველოში.

[1] შეთანხმების დოკუმენტი გამოქვეყნდა ვებსაიტზე: parvo.by

[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4958196?publication=0

[3] იხილეთ შეთანხმების, მე-2 მუხლი. ლინკი: https://pravo.by/document/?guid=12551&p0=I01600093&p1=1&p5=0

[4] იხილეთ: https://www.hrw.org/news/2021/03/18/joint-statement-belarus-end-reprisals-against-human-rights-defenders

[5] იხილეთ: https://humanrightshouse.org/statements/we-stand-with-belarus-marking-the-9-august-2020-presidential-election/

[6] იხილეთ: https://prisoners.spring96.org/en

[7] 2013 წლის აპრილის ადამიანის, უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, (UN Doc: A/ HRC/RES/22/6); 2015 წლის დეკემბრის გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია (UN Doc: A/ RES/70/161).

 

Facebook Comments