თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით ბორჯომში გასვლითი შეხვედრა გაიმართა

23-26 აპრილს, ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ორგანიზებითა და ევროპის ფონდის /Danida (დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) ფინანსური მხარდაჭერით, ბორჯომში, სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში” გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა და ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები 13 უფლებადამცველის და აქტივისტის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 

პირველი ნაწილი დაეთმო გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგებს, რომლის მიზანიცაა პროფესიულ სტრესთან და გადაღლასთან გასამკლავებლად საჭირო უნარების გამომუშავება. ტრენინგი ჩაატარეს HRHT-ის წევრი ორგანიზაცია GCRT-ის ფსიქოლოგებმა ლელა ცისკარიშვილმა და მაია ცირამუამ. 

მეორე ეტაპზე პროექტის მონაწილეებმა დაიწყეს სამომავლო საპროექტო იდეების დაგეგმვა. “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი” ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონის წარმომადგენლებს სთავაზობს შესაძლებლობას, განახორციელონ მცირე პროექტები საკუთარ რეგიონებში, უმცირესობების უფლებების უკეთ დასაცავად.

მონაწილეებმა მოისმინეს ფინანსური მენეჯერის, თინათინ ლატარიას ტრენინგი საპროექტო ბიუჯეტის შედგენის შესახებ და ასევე, წარმოადგინეს ის საპროექტო იდეები, რომელზე მუშაობასაც მომავალში ჯგუფებად განაგრძობენ.

ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საპროექტო იდეებზე ტრენერ თამარ ზურაბაშვილის, HRHT-ის კოორდინატორის ნათია თავბერიძის, HRHT-ის პროექტების ოფიცრის, ელენე ჯანელიძის და სხვა მონაწილეების უკუკავშირი მოესმინათ. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი პროექტს „ადამიანის უფლებათა დამცველების და აქტივისტების გაძლიერება და მხარდაჭერა საქართველოს რეგიონებში (აჭარა და ქვემო ქართლი)“ ერთი წლის განმავლობაში ახორციელებს. პროექტის მიზანი აღნიშნულ რეგიონებში უფლებადამცველების და აქტივისტების გაძლიერებით უმცირესობების უფლებების უკეთესი დაცვის უზრუნველყოფაა.

პროექტის ფარგლებში შერჩეულ უფლებადამცველებს და აქტივისტებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები ადვოკატირებაში, პროექტების მართვაში, ეფექტურ კომუნიკაციასა და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის პრაქტიკულ გამოყენებაში.

 

Facebook Comments