გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა

2022 წლის 27 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რიგით მეხუთე პერიოდულ ანგარიშთან დაკავშირებით შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. 2022 წლის 5 და 6 ივლისს, კომიტეტმა 135-ე სესიაზე განიხილა საქართველოს ანგარიში და საქართველოს სახელმწიფოს დელეგაციის წარმომადგენლებს მოუსმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი ინსტიტუტია, რომელიც გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის (ICCPR) შესრულებას უწევს მონიტორინგს. ამ მიზნისთვის, კომიტეტი თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც, რათა მათაც მიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს პერიოდული განხილვის პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ ალტერნატიული ანგარიშები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პაქტის ზოგიერთი ან ყველა დებულების შესრულების შესახებ; თბილისის სახლმა წევრი ორგანიზაციების სახელით, სახლების ფონდთან ერთად, კომიტეტს ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა, შემდეგ კი თბილისის სახლის წარმომადგენლებმა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ზემოხსენებულ ალტერნატიულ ანგარიშში აღწერილი იყო ის პრობლემები, რომლებიც საქართველოში დღემდე არსებობს გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების, თვითნებური დაკავების ან დაპატიმრების აკრძალვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხებთან მიმართებით.  

კომიტეტის შემაჯამებელ დასკვნაში აღწერილია ის პოზიტიური ნაბიჯები, რაც წინა შემაჯამებელი დასკვნის (2014 წ.) შემდეგ გადადგა საქართველომ: 

  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, (2015 წ.) 
  • ბავშვის უფლებათა კოდექსი, (2019 წ.) 
  • „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრა შევიწროება, ისევე როგორც სექსუალური შევიწროება, (2019 წ.) 
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018–2020 წლებისთვის (2018 წ.)
  • და სხვ. 

თუმცა, ანგარიშში ასევე განხილულია რიგი შემაშფოთებელი საკითხები, რომლებზეც კომიტეტმა რეკომენდაციები გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ბევრ შემთხვევაში კომიტეტმა გაიზიარა თბილისის სახლის და პარტნიორების მიერ წარდგენილი ალტერნატიული ანგარიშის შინაარსი და კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი რეკომენდაციები მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტმა აღნიშნა, რომ პაქტის სრულყოფილად შესასრულებლად სახელმწიფომ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები:

დისკრიმინაცია და ძალადობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით 

  • უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე,  ყველა ფორმის დისკრიმინაციისა და ძალადობისგან ეფექტიანი დაცვა როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში, და უზრუნველყოს ასეთი დარღვევების დაუყოვნებელი და ეფექტიანი გამოძიება, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისად და მსხვერპლისთვის შესაძლებელი იყოს ზიანის მაქსიმალურად  გამოსწორება.    
  • მიიღოს ადეკვატური ზომები პოლიტიკოსების, სხვა საჯარო მოხელეებისა და რელიგიური მოღვაწეების ჰომოფობიური და ტრანსფობიური დისკურსის აღსაკვეთად;  
  • განიხილოს და შეცვალოს კანონმდებლობა და პროცედურა გენდერული იდენტობის შესაბამისად სამოქალაქო სტატუსის შეცვლის შესახებ, განმცხადებლის მიერ თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე გენდერული აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურის შექმნით. 

სიძულვილის ენა და სიძულვილის დანაშაულები

  • იბრძოლოს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობების და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერების მიმართ შეუწყნარებლობის, სტერეოტიპების, ცრურწმენის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების, პროკურორებისა და სასამართლოს დატრენინგებით, ამასთანავე ფართო საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლების კამპანიებითა და მრავალფეროვნებისადმი მგრძნობელობის და მიმღებლობის გაზრდით;
  • აკრძალოს კანონით ეთნიკური, ეროვნული, რასობრივი, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ნებისმიერი სიძულვილის, მტრობის ან ძალადობის ადვოკატირება პაქტის მე-19 და მე-20 მუხლებისა და კომიტეტის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ No. 34 ზოგადი კომენტარის (2011) შესაბამისად. 
  • წაახალისოს სიძულვილის დანაშაულების და სიძულვილის ენის შესახებ ანგარიშგება და დააიდენტიფიციროს და აღრიცხოს ასეთი დანაშაულები, მათ შორის მონაცემთა შეგროვების ყოვლისმომცველი, დეტალური სისტემის შექმნის გზით; 
  • გააძლიეროს სამართალდამცავი ორგანოების საგამოძიებო შესაძლებლობები სიძულვილის დანაშაულებზე და სიძულვილის ენაზე, მათ შორის ონლაინ სიძულვილის ენაზე, გამოიძიოს ყველა საქმე სისტემურად და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები შესაბამისი სასჯელებით, ასევე უზრუნველყოს მსხვერპლთა მიერ ზიანის მაქსიმალურად გამოსწორების შესაძლებლობა.  

ადმინისტრაციული პატიმრობა 

  • დააჩქაროს საკანონმდებლო პროცესი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პაქტის მე-9, მე-10 და მე-14 მუხლებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამართლიანი და მიუკერძოებელი სამართალწარმოებისთვის. წევრმა სახელმწიფომ კანონმდებლობით და პრაქტიკით უნდა უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციულ პატიმრებს თავისუფლების აღკვეთის პირველივე დღიდან ჰქონდეთ ფუნდამენტური სამართლებრივი გარანტიები, მათ შორის: ადვოკატის მომსახურებაზე სწრაფი წვდომა, დაკავების ფაქტის სასურველი პირისთვის შეტყობინების უფლება და სასამართლოს წინაშე სწრაფად წარსდგომის შესაძლებლობა. სახელმწიფომ უნდა უკეთ დაიცვას ადმინისტრაციული წესით დაკავებულნი არასათანადო მოპყრობისგან, გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება და დასაჯოს დამნაშავეები.  

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 

  • შესაბამისობაში მოიყვანოს მონაცემთა შენახვის და წვდომის, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის მარეგულირებელი კანონმდებლობა პაქტის მე-17 მუხლთან და მკაცრად დაიცვას კანონიერების, პროპორციულობისა და აუცილებლობის პრინციპები. ნებისმიერი ჩარევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში, მათ შორის საქმიანობაში, რომელსაც ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონის შესაბამისად, მოითხოვს წინასწარ ნებართვას სასამართლოსგან და ექვემდებარება ეფექტიან და დამოუკიდებელ საზედამხედველო მექანიზმებს. აუცილებელია, შესაძლებლობის არსებობისას, შესაბამის პირებს ეცნობოთ მათზე მიყურადების  და თვალთვალის ფაქტებზე და ჰქონდეთ წვდომა ძალაუფლების გადამეტების შემთხვევაში ეფექტიან დაცვის საშუალებებზე. მონაწილე სახელმწიფომ ასევე საფუძვლიანად უნდა გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მოსმენების ფაილების გავრცელება და შესაბამისი სანქციები დაუწესოს სამართალდამრღვევებს. 

გამოხატვის თავისუფლება 

წევრმა სახელმწიფომ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილოს და აუკრძალოს საჯარო მოხელეებს და კერძო აქტორებს, მათ შორის რადიკალური ჯგუფების წევრებს, ჩაერიონ ჟურნალისტების, ხელოვანების, მწერლების, უფლებადამცველებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების გამოხატვის თავისუფლების უფლების ლეგიტიმურ განხორციელებაში. მათ შორის: 

  • არ გამოიყენოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცედურები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე კრიტიკული აზრების ჩასახშობად 
  • დაიცვას ჟურნალისტები, ხელოვანები, მწერლები, უფლებადამცველები და ხელისუფლების კრიტიკოსები ნებისმიერი სახის მუქარის, ზეწოლის, დაშინების ან თავდასხმისგან და ოპერატიულად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დარღვევა, მათ შორის 2021 წლის 5 და 6 ივლისის მომხდარი მოვლენები და აფგან მუხთარლის საქმე, ამასთანავე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ სამართალდამრღვევებს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა).
  • შეუსაბამოს შიდა საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო პაქტის მე-19 მუხლსა და კომიტეტის №34 ზოგად კომენტარს (2011) იმ ასპექტებში, როდესაც შეიძლება ზედმეტად შეზღუდოს მედიის თავისუფლება, მაგალითად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების შემთხვევებში.   

მშვიდობიანი შეკრება 

პაქტის 21-ე მუხლის და მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ კომიტეტის No. 37  ზოგადი კომენტარის (2020) შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფომ უნდა: 

  • დაუყოვნებლივ, საფუძვლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს მშვიდობიანი შეკრების დროს სამართალდამცავი პირების მიერ ძალის გადამეტება, თვითნებური დაკავება და დაპატიმრება, რათა პასუხისმგებელი პირების ქმედებებზე წარიმართოს შესაბამისი გამოძიება და, თუ ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილნი, დაისაჯონ, ხოლო მსხვერპლებმა კი მაქსიმალურად შეძლონ ზიანის გამოსწორება. 
  • სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებისთვის ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგები ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითად პრინციპებზე და კანონის აღსრულებაში ნაკლებად მომაკვდინებელი იარაღის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა სახელმძღვანელოს საფუძველზე; 
  • მუქარის, დაშინების, შევიწროების და კერძო აქტორების მხრიდან თავდასხმებისგან დაიცვას მშვიდობიანი დემონსტრანტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები, რომლებიც აშუქებენ მშვიდობიან დემონსტრაციებს.

სხვა საკითხები 

  • ხელი შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის კულტურას და უზრუნველყოს პლურალისტურ პოლიტიკურ დებატებში ჩართვის თავისუფლება, მათ შორის მედია მუშაკებისთვის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნით.

საქართველოს შემდგომი განხილვა ადამიანის უფლებათა კომიტეტში 2030 წელს იგეგმება. კომიტეტი დასკვნაში მოუწოდებს სახელმწიფოს,  შემდგომი ანგარიშის მომზადებისას ფართო კონსულტაციები გასწიოს ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან.

Facebook Comments