აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებების სახელით შენიღბული შეზღუდვები

ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის განცხადება:

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერები, გამოვხატავთ შეშფოთებას აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან მშვიდობიან საპროტესტო აქციებსა და განსხვავებულ თუ ოპოზიციურად განწყობილ პირებზე გახშირებული თავდასხმების შესახებ, რაც ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების შემდეგ შეიმჩნევა. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ფუნდამენტურია და გარანტირებულია აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებებით. თუმცა, ხელისუფლება პანდემიას იყენებს, რათა შენიღბოს ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პანდემიის საპასუხოდ მიმართულ ზომებსა და ინფიცირების მზარდ მაჩვენებელს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აღნიშნული ქმედება, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები და შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რათა დაიცვას გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ბოლო დღეებში, პოლიციამ არაერთხელ განახორციელა თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, რომელიც არაპროპორციულად იყო მიმართული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის მათ წინააღმდეგ, ვინც პროტესტს მარტო გამოხატავდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2020 წლის 24 მარტიდან დააწესა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის დადგენის, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე. 2020 წლის 31 მაისს პოლიციამ სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტი დაარბია. ერთ-ერთ მონაწილეს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. სხვა ორი გასაოცარი შემთხვევის მაგალითზე, პოლიციამ ცნობილი გრაფიტ-აქტივისტი გიიას იბრაჰიმოვის ცალკეული პროტესტი შეაჩერა. პოლიციამ ასევე შეაფერხა ადამიანის უფლებათა დამცელი გულნარა მეჰდიევა, რომელიც  სტუდენტების საპროტესტო აქციის დარბევას აპროტესტებდა. შემდგომ, პოლიციამ გიიასი წვრილმან ხულიგნობაში დაადანაშაულა და დააჯარიმა, გულნარა კი მოგვიანებით გამოუშვეს.

ბოლოდროინდელი მოვლენების საპასუხოდ, ძალადობრივ დაპატიმრებებს ადგილი ჰქონდა ბაქოს იენი იასამალის დასახლებაში, სადაც მოსახლეობას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ბინებიდან ძალით გამოათრიეს. ერთ-ერთი მოსახლე, კარიმ სულეიმანლი აცხადებს, რომ 9 ივნისს, მისი დაკავების შემდეგ, მას 30-მა პოლიციელმა 5 საათის განმავლობაში სცემა. კიდევ ერთი გასაოცარი მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლების ნების აღმასრულებელ იარაღად არის ის, რომ სულეიმანლის ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა გაფრთხილება მიიღო ასოციაციისგან იმის გამო, რომ მის მკურნალობაზე ლეგიტიმური შეშფოთება გამოთქვა. საერთაშორისო ორგანოების წინაშე აღებული ვალდებულების გათვალისწინებით, აზერბაიჯანმა უნდა დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება და შეზღუდოს აღნიშნული მხოლოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად. განხორციელებული ქმედებები ამ ვალდებულებების დარღვევაზე მიუთითებს.

ამასთან, გახშირდა თავდასხმები პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. აღნიშნულ თავდასხმებს წინ უძღვოდა პრეზიდენტ ალიევის ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით მომზადებული მიმართვა, სადაც ჩანს მისი განზრახვა, რომ პანდემიის საპასუხო ზომები იოპოზიციაზე ზეწოლისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით გამოიყენოს. აპრილში, Human Rights Watch-მა აზერბაიჯანის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ის კორონავირუსის გავრცელების შეჩერების ღონისძიებებს ბოროტად იყენებს, რათა დააკავოს ადამიანები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ. მას შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ  ოპოზიციური პარტიების წევრების დაპატიმრების, ასევე, პოპულარული ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტი“ ლიდერი ალი კერიმლის ინტერნეტ და სატელეფონო კავშირის მიზანმიმართული ბლოკადის შესახებ. ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების გამოყენების ეს მცდელობა ოპოზიციური ძალების გასაჩუმებლად და შეკრების თავისუფლების შესაზღუდად კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებას არ სურს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის წინაშე აღებული ვალდებულებები.

ადამიანის უფლებათა სახლების ქსელი საჯაროდ ემხრობა ქმედებებს კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების შესამცირებლად. თუმცა, შესაბამისი ქმედებების განხორციელებით, სახელმწიფო ორგანოებმა ადამიანის უფლებები უხეშად არ უნდა დაარღვიონ. გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია პლურალისტურ, დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში. აზერბაიჯანის ხელისუფლება აგრძელებს ინდივიდებისთვისა თუ პოლიტიკური ოპოზიციისთვის ამ უფლებების შეზღუდვას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელით. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა ეს დარღვევები და შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება.

ხელს აწერენ:

  • ბორის ზვოსკაუს ბელორუსული ადამიანის უფლებათა სახლი
  • ზაგრების ადამიანის უფლებათა სახლი, წევრი ორგანიზაციების სახელით:
    • a.B.e. – Be active! Be Emancipated!
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, წევრი ორგანიზაციების სახელით:
    • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
    • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
    • უფლებები საქართველო
    • მედიის ინსტიტუტი
    • საფარი
  • ოსლოს ადამიანის უფლებათა სახლი, წევრი ორგანიზაციების სახელით:
    • Human Rights House Foundation
    • Health and Human Rights Info
    • Kvinnefronten
  • ადამიანის უფლებათა კვლევის რუსული ცენტრი
  • ვორონეჟის ადამიანის უფლებათა სახლი
  • ბელგრადის ადამიანის უფლებათა სახლი, წევრი ორგანიზაციების სახელით:
    • Belgrade Centre for Human Rights
    • Civic Initiatives
    • Helsinki Committee for Human Rights
    • YUCOM – lawyers Committee for Human Rights
    • Policy Center
  • ჩერნიგოვის საგანმანათლებლო ადამიანის უფლებათა სახლი, წევრი ორგანიზაციების სახელით:
    • Center AHALAR
    • NGO MART
    • Centre of civil education “Almenda”
    • Association UMDPL
    • Human Rights Center ZMINA
    • The “East-SOS” Charitable Foundation
    • Human Rights Vector NGO
    • “No Borders” Project
  • ლონდონის ადამიანის უფლებათა სახლი, წევრი ორგანიზაციების სახელით:
    • Index on Censorship

 

Facebook Comments