აზერბაიჯანელი ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები საქართველოში

„სოლიდარობა აფგან მუხთარლის! თავისუფლება აფგან მუხთარლის!“ – ეს და კიდევ სხვა გზავნილები ეჭირათ ხელში საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან შეკრებილ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის და მისი წევრი-ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სხვა ადამიანის უფლებების დამცველებს, ჟურნალისტებსა  და სამოქალაქო აქტივისტებს. მათ ნაწილს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებისადმი საპროტესტოდ და თანადგომისთვის თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონდა ჩამოფარებული.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტიაფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ბაქოში აღმოჩნდა დაკავებულიამჟამად აზერბაიჯანის ხელისუფლება მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, დეკლარაციის გარეშე საზღვარზე დიდი ოდენობით ფულის გადატანისა და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

 აფგანი იმ ჟურნალისტთაგან ერთერთია, რომელიც აზერბაიჯანში მისი კრიტიკული სტატიების და სამოქალაქო აქტივიზმის გამო იდევნებოდა. სწორედ ამის გამო აფგანი მის მეუღლესთან, ლეილა მუსტაფაიევასთან (ასევე თავისუფალი ჟურნალისტი) ერთად 2015 წელს საქართველოში ჩამოვიდა. აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაიევა ჟურნალისტურ საქმიანობას საქართველოშიც აგრძელებდნენ.

ვითარება შეიცვალა 2016 წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც აფგანის და მისი მეუღლის ბინადრობის მოწმობებს ვადა ამოეწურა და შესაბამის ორგანოს თავიდან მიმართეს ვადის გასაგრძელებლად, თუმცა აფგანმა და ლეილამ მობინადრის სტატუსის მიღებაზე ოფიციალური უარი მიიღეს. საქართველოს სახელმწიფო უწყებების განაცხადში ეწერა, რომ მათი საქართველოში ცხოვრება და საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და/ან საზოგადოებრივ წესრიგს.

აფგანის საქმეზე საქართველოში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი-ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მუშაობს. „კონტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის, თქმით: „გამოძიებას მოგროვებული აქვს ასობით მოწმეთა ჩვენება, რომლებმაც მომხდარი დანაშულის შესახებ მხოლოდ ტელევიზიით გაიგეს. რაც შეეხება ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე  არსებულ ვიდეოკამერებს, ისინი, ზუსტად დანაშაულის დროს, 29 მაისს, დაზიანებული იყო. ამასთანავე გამორთული იყო გამტაცებლების გადაადგილების მარშუტზე არსებული ყველა ვიდეოკამერაც. არც ერთი საეჭვო პირი, რომლის ვიდეოჩანაწერი და ფოტოსურათებიც გამოძიებას აქვს, არც იდენტიფიცირებულია და ამისთვის არც რაიმე მოქმედება განხორციელებულა. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა.“ მოწმეების ჩვენებებით ირკვევა, რომ აფგან მუხთარლის, მის სავარაუდო გატაცებამდე, უთვალთვალებდნენ. ამასვე ადასტურებს ჟურნალისტის მეუღლე. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით მის მიმართ თვალთვალი ამჟამადაც ხორციელდება.

საქართველოში გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებამ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს თავსუფლების უკანონო აღკვეთას. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის, წევრი-ორგანიზაციის ადვოკატის განცხადებით: „ჩვენ 5 ივნისს მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ საქმე პოლიციის რაიონული განყოფილების ნაცვლად მთავარ პროკურატურას გამოეძიებინა. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის განცხადებით, გამტაცებლები იყვნენ კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმული და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადაიყვანეს  ჟურნალისტი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, წარმოიქმნა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშაულში შესაძლოა ჩართულნი იყვნენ სამართალდამცავები“. ეს მოთხოვნა 20 ივლისს დაკმაყოფილდა. „2 ივნისს ასევე მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით. ვინაიდან არსებობდა აზერბაიჯანში დაკავებული აფგან მუხთარლის სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ არ დაკმაყოფილდა, თუმცა მიგვეთითა, რომ ხელახლა წარმოქმნილი საფრთხის შემთხვევაში ისევ შეიძლებოდა ამ მოთხოვნით მიმართვა. ასევე სასამართლომ დაავალდებულა აზერბაიჯანის ხელისუფლება უზრუნველყოს აფგანის უსაფრთხოება, ხოლო აფგან მუხთარლის საქმეს მიენიჭა პრიორიტეტის სტატუსი. 19 ივლისს კი მივმართეთ განაცხადით ევროსასამართლოს“ – განაცხადა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი-ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ამ საქმის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება არაჯეროვანი იყო. ფაქტის გასაჯაროების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მათ დაიწყეს მოკვლევა და აზერბაიჯანელი კოლეგებისგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ ადამიანმა არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, ე.წ. მწვანე ზონებიდან გადაკვეთა საზღვრები. საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ საქმის რეზონანსულობა უფრო ადეკვატურად იქნა აღქმული და ხელისუფლებამაც გამოძიების ეფექტურად წარმართვაზე დაიწყო საუბარი.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, მან თავის განცხადებაში მკვეთრად დააფიქსირა ფაქტის სიმწვავე: „ადამიანის გაქრობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სერიოზული გამოწვევაა, სახელმწიფომ თავისი რეპუტაცია უნდა დაიცვას“. მოგვიანებით პრეზიდენტი აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრ-ორგანიზაციის ადვოკატთან ერთად შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ყურადღებით დააკვირდება აფგან მუხთარლის საქმის მიმდინარეობას და საქმესთან დაკავშირებით მიიღებს ნებისმიერ ინფორმაციას.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისს სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შემდეგ თანამდებობა დატოვეს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებას ადეკვატური რეაქცია მოყვა საერთაშორისო მხრიდან.  ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში სახელწიფო უსაფრთხოების სასახურების ჩართულობის საეჭვო საკითხები გაარკვიოს“. ევროპარლამენტი მსგავსი გამოძიების დაწყებისკენ აზერბაიჯანულ მხარესაც მოუწოდებს. ქართულ მხარეს,  მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვისკენ მოუწოდა, აზერბაიჯანს კი მუხთარლის გათავისუფლებისკენ.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ეხმარება აზერბაიჯანელ ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს საქართველოში ცხოვრების გაგრძელებაში. თავიანთ განცხადებაში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი-ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებები.

ასევე პრობლემურია დაშგინ აღალარლის, აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტის, საქმე, რომელიც საქართველოში ცხოვრობს. ცოხა ზნის წინ ის აზერბაიჯანში ექტრადიციის რისკის წინაშე იყო, სადაც მას არაჰუმანური მოპყრობის საფრთხე ემუქრება. აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტის საქმეს მხარდაჭერას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახორციელებს. საქართველოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაშგინსა და მის ვაჟს უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე. ამჟამად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დაშგინმა და მისმა შვილმა დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები მიიღეს, რის საფუძველზეც ისინი საქართველოდან გაძევებას არ დაექვემდებარებიან.

 „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ აგრძელებს ახორციელებს საქართველოში დევნილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მხარდამჭერ პროექტების განხორციელებას.  2014 წლიდან მოყოლებული დღემდე „ადამიამიანის უფლებათა სახლმა“ 100-ზე მეტ ბენეფიციარს გაუწია დახმარება აზერბაიჯანიდან.

იხილეთ ფატრობრივი ინფორმაცია აფგან მუხთარლისა და დაშგინ აღალარლის საქმეების შესახებ შემდეგ მისამართებზე:

აფგან მუხთარლის საქმის ფაქტობრივი დეტალები

დაშგინ აღალარლის საქმის ფაქტობრივი დეტალები

Facebook Comments