HRHF შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, კრიმინალიზდეს, შეფერხდეს და ლეგიტიმაცია წაერთვას სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო საქმიანობას და ხელი შეეშალოს მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიხმოს სამოქალაქო სივრცისთვის დაწესებული შეზღუდვები და ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა სამოქალაქო აქტორებისთვის შექმნას ხელსაყრელი გარემო.
2023 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სსუს) საზოგადოებას აცნობა სერბეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია CANVAS-ის მონაწილეობით, „შეთქმულთა“ მიერ „სამოქალაქო არეულობის“ „დაგეგმვის“ და ხელისუფლების „ძალადობრივი გზით შეცვლის“ შესახებ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ. 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე სსუს-მა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩატარებული სასწავლო კურსი არაძალადობრივი აქტივიზმის და სამოქალაქო აქტივიზმის კრეატიული ტაქტიკების შესახებ წარმოაჩინა შეთქმულების განსახორციელებლად „დიდი ჯგუფის“ გადამზადების ფორუმი. სწავლება 2023 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩატარდა და მას აფინანსებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) და USAID. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მხარი საუჭირეს სსუს-ის განცხადებებს, მადისკრედიტირებელი განცხადებები გააკეთეს სამოქალაქო საზოგადოების და დონორების წინააღმდეგ, მოითხოვეს „განმარტებები“ და დაიმუქრნენ „მაქსიმალური სიმკაცრით დასჯით“. ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის სსუს-მა დაკითხა CANVAS-ის ტრენერები და CANVAS Georgia–ს ხელმძღვანელობა, ასევე საქართველოს კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი და USAID საქართველოს თანამშრომელი, სავარაუდოდ, სამართლებრივი საფუძვლების წარმოდგენის გარეშე.
სსუს-ის აშკარად ფიქციური გამოძიების კვალდაკვალ, 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შეკრებების მარეგულირებელ კანონმდებლობაში და შეზღუდა შეკრების თავისუფლება. ცვლილებები პოლიციას ანიჭებს მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს კანონის შესაბამისად აღმართული დროებითი კონსტრუქციების დაშლის შეუზღუდავ და თვითნებურ უფლებამოსილებებს, რაც გადაიზრდება ფართო და განუჭვრეტად საპოლიციო ღონისძიებებში. 18 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ახლად მიღებულ ცვლილებებს, თუმცა, ვშიშობთ, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს.
მოვლენათა ამგვარი განვითარება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ვინაიდან ამყარებს ქვეყანაში საზოგადოებრივი პროტესტის შევიწროვების უკვე არსებულ ტენდენციას.
2023 წლის 4 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შეზღუდა პარლამენტის შენობაში იმ პირთა დაშვება, რომელთაც აქვთ სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთები, მაგალითად ბანერები და პოსტერები. იმავე თვეს მშვიდობიანი წესით პარლამენტის წინ ცარიელი ფურცლის ჭერის გამო სამართალდამრღვევად ცნეს ცნობილ უფლებადამცველს.
გარდა ამისა, 2023 წლის 18 ოქტომბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები. ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, განიხილოს სიძულვილის ენის (სიძულვილის გაღვივება) და „უხამსობის“ სავარაუდო გამოყენება მედიაში და დააწესოს სანქციები. მედია ექსპერტები აცხადებენ, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი სახიფათოა და კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. მედიის მიზანში ამოღების გამო კომისია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, ხოლო „უხამსობის“ შემოთავაზებული განმარტება იმდენად ფართო და ბუნდოვანია, რომ თვითნებურად ჩარევისა და ბოროტად გამოყენებისკენ მოასწავლებს.
საქართველოში სამოქალაქო სივრცის მიმართ ეს შეზღუდვები 2023 წლის მარტში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების მცდელობის ფონზე უნდა შეფასდეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა რუსეთის 2012 წლის კანონითაა ინსპირირებული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას. მიუხედავად იმისა, რომ არ მიღებულა, „უცხოური აგენტების“ შესახებ საქართველოს კანონპროექტი ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ნარატივების გააქტიურებაში გადაიზარდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირები კანონპროექტის დამამცირებელი ეტიკეტით განუწყვეტლივ ზიანს აყენებენ უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს.
ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ მხარდაჭერილი უფლებადამცველთა შესახებ გაეროს დეკლარაციითა და შესაბამისი რეზოლუციებით დაკისრებულ ვალდებულებებს და ასევე ევროპის საბჭოს სტანდარტებს.
აღნიშნული ინსტრუმენტები სახელმწიფოთა მიერ უფლებადამცველთა საქმიანობის კრიმინალიზაციასა და ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონების ბოროტად გამოყენებას უშლის ხელს. ისინი სახელმწიფოებისგან მოითხოვენ, დაუშვან განსხვავებული და დაპირისპირებული აზრები და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობას. ხელისუფლება პასუხისმგებელია მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. სამოქალაქო აქტივიზმის სისხლის სამართლებრივი გამოძიება კანონიერი საფუძვლისა თუ ლეგიტიმური მიზნის გარეშე უხეშად არღვევს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, და მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ექნება სამოქალაქო აქტორებზე.
გარდა ამისა, შეკრებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება მშვიდობიანი შეკრების უფლების შესახებ საქართველოს ვალდებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICCPR), რომელთა მონაწილეც საქართველოც არის, განამტკიცებს უფლებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების აღმართვაზე და კრძალავს ყოველგვარ ჩარევას, რომელიც არ არის დაფუძნებული განჭვრეტად და საკმარისად მკაფიო კანონებზე, და არაპროპორციულია. მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსაც აქვთ რესურსი, დაარღვიონ ECHR-ითა და ICCPR-ით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი არ არის საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრული და განჭვრეტადი, რაც სახელმწიფო მარეგულირებელს საშუალებას აძლევს, კრიტიკული მედია სამიზნედ ამოიღოს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს გაეროს და ევროპის საბჭოს ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს და უკან გაიხმოს დამოუკიდებელი ან კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოებისკენ მიმართული შემზღუდავი პოლიტიკა. კერძოდ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას:
- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს 2023 წლის სექტემბერში ჩატარებული სასწავლო კურსის თაობაზე უსაფუძვლო სისხლის სამართლის გამოძიება;
- გააუქმოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შემზღუდველი ცვლილებები;
- დაუყოვნებლივ შეაჩეროს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი და მოაწყოს არსობრივი და ინკლუზიური კონსულტაციები მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთამ;
- მიიღოს განსხვავებული შეხედულებები და საჯაროდ ცნოს უფლებადამცველებისა და აქტივისტების როლი;
- გამოიჩინოს ძალისხმევა თავისუფალი და შეუფერხებელი სამოქალაქო სივრცისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.