ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის განცხადება 2021 წლის 8 მარტს ბაქოს ცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი გმობს ბოლოდროინდელ თავდასხმებს ქალი უფლებადამცველების მიმართ აზერბაიჯანში, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შეზღუდვისკენ მიზანმიმართულ მავნებლურ პრაქტიკას. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე, მიიღონ
ზომებიუფლებადამცველების, მათ შორის ქალი და ახალგაზრდა უფლებადამცველების დაცვის უზრუნველსაყოფად.

სრული განცხადება:
ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი გმობს ბოლოდროინდელ თავდასხმებს ქალი უფლებადამცველების მიმართ აზერბაიჯანში, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შეზუდვისკენ მიზანმიმართულ მავნებლურ პრაქტიკას. აზერბაიჯანის ხელისუფლების ქმედებები კიდევ ერთი მაგალითია იმ მიმდინარე ტენდენციისა, რომელიც ლახავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს და არ უზრუნველყოფს ქალი უფლებადამცველების დაცვას. აშკარაა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფას.ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ:

  • შეწყვიტოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
  • გადადგას ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის, ქალი და
    ახალგაზრდა უფლებადამცველების დაცვის უზრუნველსაყოფად.
2021 წლის 8 მარტს, პოლიციამ დაარბია ქალთა მსვლელობა ბაქოს ცენტრში, რომელიც მიზნად ქალთა უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნას ისახავდა. პოლიციამ მინიმუმ 25 ადამიანი დააკავა, მათ შორის, უფლებადამცველები გულნარა მეჰდიევა და ნარმინ შაჰმარზადა. ადამიანების ნაწილი პოლიციამ იძულებით გაიყვანა და ჩასვა მანქანაში. პოლიციამ დაკავებულები ქალაქის პოლიციის განყოფილებებში წაიყვანა და მალევე გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ უარი უთხრა მარშის ორგანიზატორებს ნებართვის მოთხოვნაზე და ამ მარშის ჩატარების თავიდან არიდების შესახებ განაცხადა.
ხელისუფლებამ მონაწილეების დაკავება ჯერ კიდევ მარშის დაწყებამდე დაიწყო. ეს არის უკანონო პრაქტიკა, რომლისთვისაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადრეც მიუმართავს (განსაკუთრებით, ოპოზიციის ორი ლიდერის წინააღმდეგ 2019 და 2020 წლებში). მარშის დაწყებამდე, პოლიციამ კაფეში მინიმუმ ორი ქალი უფლებადამცველი დააკავა. საპროტესტო შეკრებისკენ მიმავალი კიდევ ერთი აქტივისტი ტაქსიდან გადმოაგდეს. მარშის დაწყებისთანავე, ხელისუფლებამ ქალი უფლებადამცველების დაკავება განაგრძო. პოლიციას მომიტინგეების დაკავება არ განუმარტავს და არც რაიმე სამართლებრივი საფუძველი წარმოუდგენია.
ხელისუფლების ქმედებები კვლავ მიუთითებს, რომ შეკრების ნებართვის მოთხოვნა შეკრების თავისუფლებაზე სისტემური შეტევის ინსტრუმენტად გამოიყენება. ფაქტობრივად, ამგვარი ნებართვების გამოყენება ბაქოს ცენტრში საპროტესტო აქციებზე ეფექტურ აკრძალვას აწესებს. ნებართვის ასეთი მოთხოვნების გამოყენება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, ნებართვის არქონა პოლიციას არ აძლევს უფლებას, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოების შეკრებას (რეალურად, აზერბაიჯანმა უკვე წააგო მსგავსი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც სასამართლომ შეკრების თავისუფლების დარღვევა დაადგინა, იბრაჰიმოვი და სხვები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ( 69234/11, 69252/11, 69335/11).
პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დამცველების დაკავებას თან ახლავს არაერთი ონლაინ თავდასხმა უფლებადამცველ ქალთა მიმართ. გამოიკვეთა სანდო ცნობები სოციალური ქსელების გატეხვისა და ნარმინ შაჰმარზადას, ფატიმა მოვლამის, გულნარა მეჰდიევასა და ერთი-ერთი აქტივისტის დის მიმართ განხორციელებული თავდასხმების შესახებ. ეს თავდასხმები პირადი აუდიო საუბრების, ინტიმური ფოტოსურათებისა და ვიდეოების გამოაშკარავებასა და ყალბი შეტყობინებების გავრცელებას მოიცავს. მსგავს შემზარავ ტაქტიკას მიმართავენ ქალი უფლებადამცველებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ოჯახის წევრი ქალების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, ხადიჯა ისმაილისა (ამ საკითხზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ
აზერბაიჯანმა დაარღვია მისი უფლებები) და ამინა რუსტამზადეს წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი უფლებადამცველის ცოლია.
აზერბაიჯანის ხელისუფლება ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას განაგრძობს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს ხელისუფლების მიერ 2021 წლის 8 მარტს განხორციელებული ქმედებები შეკრებისა და გამოხატვის
თავისუფლების განხორციელების აღსაკვეთად, აგრეთვე, ის, რომ მათ ქალი უფლებადამცველების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ვერ უზრუნველყვეს. ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანელ ადამიანის უფლებათა დამცველებს, მათ შორის ქალ უფლებადამცველებს და ყველა იმ პირს, ვინც იბრძვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის.

Facebook Comments