თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით ეხმიანება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღმრიცხველი, ე.წ. „კოვიდ-ტრეკერი“ აპლიკაციის შექმნას. უახლოეს მომავალში საქართველოში შემზღუდველი რეგულაციების ეტაპობრივი მოხსნა იგეგმება. როდესაც ადამიანები სახლებიდან გამოვლენ და დაუბრუნდებიან ცხოვრების ძველ სტილს, აპლიკაციის გამოყენებაც სავარაუდოდ უფრო აქტიურად მოხდება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული აპლიკაციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, მათ შორის უფლებადამცველებსა და აქტივისტებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამო ხშირად ხდებიან სახელმწიფო თვალთვალის თუ დევნის მსხვერპლნი.
ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მსოფლიო სხვადასხვა მექანიზმებს იყენებს. სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო სტრუქტურების და საერთაშორისო ინსტიტუტების კვალდაკვალ, თანამედროვე ტექნოლოგიები პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სიკეთეებთან ერთად ტექნოლოგიების გამოყენებას ახლავს რისკებიც – სახელმწიფოებს ასეთ შემთხვევებში თვალთვალის მექანიზმების ამოქმედებაც შეუძლიათ ტრეკერი აპლიკაციებით, რაც ადამიანის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას გულისხმობს და შესაბამისად პირადი ცხოვრების უფლებას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიქმნა სხვადასხვა ტიპის ტრეკერი აპლიკაციები: პოლონეთის სმარტფონის აპლიკაცია ავალდებულებს ადამიანებს, ატვირთონ ე.წ. „სელფები“ სახელმწიფო სტრუქტურების მოთხოვნებისამებრ, რათა დაადასტურონ თავიანთი ზუსტი ადგილმდებარეობა და კარანტინში ყოფნა. სამხრეთ კორეის აპლიკაცია კორონავირუსის მქონე ადამიანთან ბოლო ორი კვირის მანძილზე ახლო მანძილზე ყოფნის შემთხვევაში ადამიანს სავარაუდო საფრთხის შესახებ ატყობინებს. დიდ ბრიტანეთში აპლიკაციით კონტროლდება, რამდენად მისდევენ ადამიანები თვითიზოლაციის მოთხოვნებს – მთავრობა აგროვებს მონაცემებს, რათა დააკვირდეს საზოგადოების გადაადგილების და თავშეყრის ტენდენციებს.
ყველაზე გავრცელებულია აპლიკაციები, რომელიც ბლუთუსის და ჯიპიეისის ტექნოლოგიებით სმარტფონის ლოკაციას იყენებს და შემდეგ მომხმარებელს ვირუსის მქონე პირთან კონტაქტზე აწვდის ინფორმაციას. სწორედ ასეთი აპლიკაციის შექმნა დააანონსა Google-მა და Apple-მა ერთობლივად.
საქართველო ავსტრიული კომპანია “NOVID20” Dolphin Technologies მიერ შექმნილ აპლიკაციას იყენებს. აპლიკაციის დაანონსების დღიდანვე ხაზგასმული იყო, რომ მომხმარებლებისთვის აპლიკაცია ნებაყოფლობითია და საჭიროებს ვირუსის მქონე ადამიანის თანხმობას.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადამიანის პერსონალური ინფორმაცია არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი.[1] ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Bluetooth-ისა და GPS-ის გამოყენებით აპლიკაციით ანონიმურად განისაზღვრება სოციალური კონტაქტები მომხმარებლებს შორის, გარკვეული ხანგრძლივობისა და დისტანციის მქონე კონტაქტის შემთხვევებში. შესაბამისად, აპლიკაციას წვდომა ეძლევა მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე, მის ლოკაციაზე, ბლუთუსზე, ე.წ. „კონტაქტებზე“ (იმ პირებთან კონტაქტზე, ვისაც ეს აპლიკაცია აქვთ დაყენებული).
აპლიკაციის საუკეთესო სისტემასაც კი არ შეუძლია აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება. ამჟამად აპლიკაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები არსებობს, თუმცა მას მაინც გააჩნია წვდომა პირად ინფორმაციაზე და ყოველთვის იარსებებს საშუალებები, რომ ეს აპლიკაციები „გატეხონ“ და დაცული ინფორმაცია მაინც გავრცელდეს. სწორედ ამიტომ, მსგავსი მასშტაბის ეპიდემიასთან ბრძოლის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებისთვის დამატებითი საზედამხედველო და სათვალთვალო ბერკეტის მიცემა მკაცრად იყოს შემოწმებული და მისი არსებობა შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან.
ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები აუცილებლად მიიჩნევენ, მომავალში სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს და მკაცრად გააკონტროლოს, ხომ არ დადგება აპლიკაციისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საფრთხე ან/და ხომ არ გამოიყენებს სახელმწიფო ამ ინფორმაციას არამიზნობრივად. ასევე, მნიშვნელოვანია რომ პანდემიისას დაავადებული პირები არ გახდნენ სტიგმის მსხვერპლნი.
მივიჩნევთ, რომ შექმნილ მდგომარეობაში სახელმწიფოს ვალდებულებაა:
- უზრუნველყოს აპლიკაციის მომხმარებელთა ანონიმურობის დაცვა.
- უზრუნველყოს, რომ აპლიკაციამ ადამიანს მიაწოდოს სრული ინფორმაცია მისი გამოყენების რისკების და საფრთხეების შესახებ.
- აპლიკაცია ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზეც.
- ნებაყოფლობითი იყოს აპლიკაციის გამოყენება და ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, აპლიკაციით სარგებლობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას ინფორმაციის მიწოდებაზე.
- დაიცვას მონაცემები, რომელზეც ექნება აპლიკაციას წვდომა და უზრუნველყოს ყველა მოწყობილობის უსაფრთხოება, რომლიდანაც აპლიკაციას ინფორმაცია მიეწოდება.
- გააკონტროლოს, რომ აპლიკაციამ მხოლოდ ისეთ ინფორმაციაზე მოითხოვოს წვდომა, რომლებიც მას აუცილებლად ესაჭიროება ფუნქციონირებისთვის.
- აპლიკაციიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება მოხდეს მიზნობრივად – ჯანმრთელობის დასაცავად და კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად.
- უზრუნველყოს, რომ პირის მიერ აპლიკაციისთვის გაზიარებული ინფორმაცია არ ინახებოდეს მუდმივად და ამ ინფორმაციაზე წვდომა იყოს დროში შეზღუდული.
- მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი და ცხადი ინფორმაცია აპლიკაციის განახლების შესახებ. მათ შორის აპლიკაციის განახლებისას მომხმარებელთა უმეტესობა არ აქცევს ყურადღებას იმ ცვლილებებს, რასაც იწვევს ახალ ვერსიაზე გადასვლა და ამ პროცესში შეიძლება დათანხმდნენ იმ ინფორმაციის გაზიარებას, რისი გაზიარებაც არ სურთ.
[1] საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, მუხლი 2.
განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ