ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის მიმართვა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ

გუშინ, 4 მარტს, ადამიანის უფლებათა საბჭოში გაიმართა ინტერაქტიული დიალოგი უფლებადამცველების მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან.

სხდომაზე ადამიანის უფლებათა სახლის ფონდის წარმომადგენელმა გააკეთეს განცხადება, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გმადლობთ, პრეზიდენტო.

მადლობას ვუხდით სპეციალურ მომხსენებელს 6 წლის განმავლობაში მანდატის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის.

მომხსენებელი ანგარიშში ხაზს უსვამს იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველები კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ კონტექსტში ასრულებენ, მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების დღის წესრიგში შენარჩუნების მიზნით.

თუმცა, აღნიშნული კონტექსტი მათი დაუცველობის გამოწვევებს წამოჭრის.

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში არსებული მტრული გარემო ძალიან ართულებს უფლებადამცველების მუშაობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გროზნოში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმებისა და შევიწროების ბოლოდროინდელ შემთხვევებს ჟურნალისტ ელენა მილაშინას, ადვოკატ მარინა დუბროვინასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს უფლებადამცველების უსაფრთხოება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. ამასთან, გამოიძიოს აღნიშნული თავდასხმები, რათა დამნაშავეები შესაბამისად გასამართლდნენ.

უფლებადამცველების საქმიანობის მიმართ გამოხატული გამძაფრებული მგრძნობელობა ასევე ზრდის მათ დაუცველობას: სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო ხელისუფლების კორუფციის გამოვლენის მცდელობების შემდეგ, თამარა მეარაყიშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საკუთარი გავლენა გამოიყენოს და მეარაყიშვილის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდება შეაჩეროს, ასევე, უხრუნველყოს მისი “დაცვა დეპორტაციისგან”, როგორც მომხსენებლის ანგარიშშია აღნიშნული.

ქალბატონო პრეზიდენტო,

ჩვენ ვთხოვთ სპეციალურ მომხსენებელს, თვალი ადევნოს ლეგიტიმური, დე ფაქტო თუ ოკუპანტი ხელისუფლების პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოება კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში.

გმადლობთ.”

Facebook Comments