***
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად, საშუალოდ, 1.24 მილიონი ადამიანი იღუპება. საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის ყველა ქვეყნის სიკვდილიანობის საშუალო სტატისტიკას.[1] სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნები შეიმუშავებენ სისტემურ სტრატეგიას, აუმჯობესებენ კანონმდებლობას, რაც შესაძლებელს ხდის, რომ საგზაო შემთხვევების დროს არსებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს.
განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რადგან აღნიშნული ჯგუფი განსხვავებულ დაცვას საჭიროებს. მაგალითისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ტრანსპორტში ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა სპეციალური სავარძლებისა და დამატებითი ბალიშების სავალდებულო გამოყენება მათი უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანი სტრატეგიაა[2].
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით[3] ბავშვების სპეციალური სავარძლით გადაყვანა სავალდებულო არ არის. გარდა ამისა, დაბალია მშობლების ცნობადობა ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილების შესახებ.
ნინო გოგოტიშვილი, ფონდ Elli Foundation-ის დამფუძნებელია. მან ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ფონდი 2016 წელს შექმნა. ნინო იბრძვის, რომ საქართველოში ბავშვთა სამგზავრო სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდეს. გარდა ამისა, ის აქტიურად მუშაობს მშობლებთან, რადგან, პირველ რიგში, სწორედ მშობელი უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული, რამდენად მნიშვნელოვანია მგზავრობის დროს ბავშვებისთვის სპეციალური სავარძლის გამოყენება.
ნინო გოგოტიშვილი, 43 წლის – Elli Foundation–ის დამფუძნებელი
„დავიბადე 1976 წლის 11 სექტემბერს თბილისში. პროფესიით ვარ მასწავლებელი, ხელოვნებათმცოდნე და სოციალური მუშაკი. თუმცა, ჩემი ფონდის, Elli Foundation-ის დაარსების მიზეზი ჩემი პროფესია არ ყოფილა.
3 წლის წინ, თბილისში, ავტოავარიისას დაიღუპა ჩემი შვილი, ამის შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს გაგვიჩნდა იდეა, დაგვეარსებინა ფონდი ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად.
ფონდი 2016 წელს დავარეგისტრირეთ და საქმიანობა შემოწირული თანხებით დავიწყეთ. გადავწყვიტეთ, საინფორმაციო კამპანიის ეფექტიანობისთვის მშობლებისთვის უსასყიდლოდ გადაგვეცა სამგზავრო სავარძლები. მას შემდეგ, რაც ფონდის შემოწირულობები გაიზარდა, შევძელით სამგზავრო სავარძლების შეძენაც. დღემდე, დაახლოებით, 370 ოჯახს დავეხმარეთ, სულ 420 სავარძელი გვაქვს გაცემული. სამგზავრო სავარძელს პირველ რიგში იმ ოჯახებს გადავცემდით, ვისაც ესმოდა მისი გამოყენების მიზანი და სურდა დაეცვა თავისი შვილი. ზოგ ოჯახს ფინანსურად ვეხმარებოდით, ღირებულების ნახევარს გადავცემდით, რათა თვითონვე შეეძინათ სავარძელი და ეზრუნათ შვილების უსაფრთხოებაზე.
ფონდი დღესდღეობით კერძო შემოწირულობებით ფინანსდება. თუმცა, ორი წლის წინ გერმანული ფონდი Ein Herz für Kinder („ერთი გული ბავშვისთვის“) დაგვეხმარა, აღნიშნული შემოწირულობებით შევძელით ერთდროულად 130 ბავშვისთვის გვეყიდა სამგზავრო სავარძელი. ამჟამად მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ვეხმარებით, რადგან მათ უსაფრთხო მგზავრობისთვის მუდმივად სჭირდებათ სწორად შერჩეული სავარძელი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდნენ ჩვენს მისამართზე – სამგზავრო სავარძელი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად.
საქართველოში საბავშვო სავარძლის გამოყენება სავალდებულო არ არის. დაშვებულია მოზრდილის მუხლებზე მჯდომი ბავშვის ტრანსპორტირება, ასეთ დროს საფრთხე მაღალია, რადგან ავტოავარიის შემთხვევაში მოზრდილის მასა ემატება ბავშვის მასას და დარტყმის ძალა იზრდება, ამის შესახებ კი მშობლებს ძირითადად ინფორმაცია არ აქვთ. მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია სამგზავრო სავარძლის სწორად შერჩევა – წონის და სიმაღლის გათვალისწინებით.
სახელმწიფო, თავის მხრივ, ვალდებულია გაამკაცროს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, რათა ავტომობილით გადაადგილებისას ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.
ფონდის დაარსების შემდეგ, პარლამენტში ბევრ დეპუტატს შევხვდით. გვინდოდა მათი მხარდაჭერა მოგვეპოვებინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით. თავიდან ყველა გვეთანხმებოდა, შემდეგ კი აღარ თანამშრომლობდნენ ჩვენთან, რის გამოც საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. დეპუტატები ამას ხსნიდნენ იმით, რომ მშობლების დავალდებულება, უყიდონ ბავშვს საგზაო სავარძელი, ფინანსურ სიძნელეებს წარმოშობდა ოჯახებში. საკითხის მიმართ მსგავს მიდგომას არ ვეთანხმები.
ჩემი ოცნებაა საქართველო გაუთანაბრდეს შვედეთს, სადაც ავარიის შემთხვევაში, ბავშვის ფიზიკური დაზიანება ნულს უტოლდება. სტატისტიკის მიხედვით იქ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ბავშვები ავტოავარიის შედეგად მხოლოდ მცირე დაზიანებებს იღებენ, სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევას ადგილი შვედეთში არ ჰქონია. ჩემი ფონდიც ამისთვის არსებობს. მინდა საქართველოშიც მსგავსი სტატისტიკა გვქონდეს და ჩვენი გზები ბავშვებისთვის აღარ იყოს საშიში.
ჩემს ფონდში მთავარ საქმეს მოხალისე გოგოები აკეთებენ – თანამშრომლები, რომლებიც კარგ საქმეზე ზრუნავენ და თავიანთი საქმიანობისთვის ხელფასს არ იღებენ. მოხალისე გოგოები პირადად ხვდებიან პატარებს და მათ მშობლებს, სავარძლების გადაცემასთან ერთად გულმოდგინედ უხსნიან სავარძლის სწორად მოხმარების წესებს, და ეხმარებიან მანქანაში დამაგრებაში. გოგონები ძალიან ბევრ მადლობას და გულთბილ სიტყვას იღებენ მშობლებისა და ბავშვებისგან, რაც მათ მოტივაციას უმაღლებთ.
მე აქამდე არასდროს ვჩნდებოდი მედიასთან. ჩემი მიზანი არ იყო, ხალხს ჩემ შესახებ სცოდნოდა. თქვენთან საუბარი გადავწყვიტე იმიტომ,რომ ბავშვთა უსაფრთხო გადაადგილებით ამჟამად მედია ნაკლებად ინტერესდება და აღარ აშუქებენ ამ თემებს. ორი წლის წინ დიდი დაინტერესება იყო და საზოგადოების ჩართულობა ბევრი სასარგებლო საქმის გაკეთებაში დაგვეხმარა.
ხშირად მიკავშირდებიან მშობლები, მადლობას მწერენ, რაც ძალიან სასიამოვნოა. ძალიან მახარებს, როცა ვიგებ, რომ იმ ბავშვებს, რომელთაც ორი წლის წინ სავარძლები გადავეცით, მშობლებმა ახლა სხვა, მათი ასაკისა და წონის შესაფერისი სავარძელი უყიდეს. თუმცა, ბევრ არასასიამოვნო წერილსაც ვიღებ. ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ყველას დახმარება შეგვიძლია და ამას გამიზნულად არ ვაკეთებთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ფონდის დაარსების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია, შეცვალოს სამყარო. ჩვენ ხომ მუდმივი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი შვილების, ოჯახის და ასევე – საზოგადოების წინაშე. აუცილებელია გავიაზროთ ეს პასუხისმგებლობა და არ დავიზაროთ, გვქონდეს ისეთი ინიციატივები, რომლებიც ჩვენს წინ არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს გადაჭრის. სხვისი დახმარება ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და ახლა სხვანაირად ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია.“
ავტორი: ლანა გიორგიძე
დათქმა:
სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.
[1] იხილეთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://www.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=6164d012-744c-4077-bdc8-7943b43fe1f7; გვ.3
[2] იხილეთ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: https://www.who.int/roadsafety/decade_of_action/plan/global_plan_decade.pdf
[3] საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, მუხლი 26