საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის

COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა

გადაუდებელი გრანტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად

 

 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება გრძელდება 2020 წლის 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. 

პროექტის შესახებ

„COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ არის რეგიონული პროექტი, რომელსაც IREX ევროპა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მცირე და საშუალო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი აქტივისტებისა და მედიის მხარდაჭერას, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალდნენ და საქმიანობის გასაგრძელებლად მხარდაჭერა სჭირდებათ.

მიმდინარე საგრანტო კონკრუსი – ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მიმდინარე კონკურსი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მკაფიო უფლებადაცვითი, სოციალური ან გარემოსდაცვითი მიზნებით, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით დაზარალდნენ, არ აქვთ საქმიანობის ეფექტურად გაგრძელების რესურსი და ამავდროულად, აქვთ გრანტის მეშვეობით განვითარებისა და მდგრადობის შენარჩუნების პოტენციალი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • არასამთავრობო ორგანიზაციებს,
  • სათემო ორგანიზაციებს,
  • სამოქალაქო ინიციატივებს,
  • სოციალურ საწარმოებს/ძლიერი სოციალური დღის წესრიგით, რომლებიც განაცხადში სოციალურ აქტივობებს წარმოადგენენ (მაგ. სოციალური საწარმო, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს ასაქმებს).

LOT 1: გადაუდებელი ორგანიზაციული გრანტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად, 10,000 ევრომდე, ითვალისწინებს ორგანიზაციული ხარჯების დაფარვას და საქმიანობის ხელშეწყობას, მათ შორის:

  • მიმდინარე ხარჯები (მაგ., ხელფასები, ოფისის ქირა, ოფისის მომარაგება, უსაფრთხოების ხარჯები და სხვა);
  • კრიზისის საპასუხოდ მიმართული კონკრეტული აქტივობები (მაგ., პანდემიის დროს უფლებების დარღვევის მონიტორინგი);
  • კონსულტაციები თუ ექსპერტის რჩევები კრიზისზე რეაგირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ;

შენიშვნა: შესაძლოა, გრანტის ფარგლებში დაიფაროს 2020 წლის 27 მარტის შემდგომი ხარჯები. მაგალითად, აპრილის, მაისისა და ივნისის საკარანტინო პერიოდის ოფისის ქირა ან სახელფასო ხარჯები.

LOT 2: ფსიქო-სოციალური და იურიდიული მხარდაჭერა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებში საქმიანობს, მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგი სახის აქტივობების დაფინანსებას:

  • ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, რომლებიც სტრესსა და ე.წ. გადაწვას/გადატვირთვას განიცდიან.
  • იურიდიული დახმარება უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სამართლებრივად დევნიან, ან მაგალითად სჭირდებათ იურიდიული დახმარება პანდემიის პერიოდში დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების/ პროცედურების სამართავად.
  • პროფესიული გადაწვის საწინააღმდეგო ტრენინგები;
  • განტვირთვის აქტივობები ორგანიზაციისთვის (retreat).

LOT 3:  „გაციფრულების“ გრანტები, 8,000 ევრომდე, შემდეგი აქტივობების მხარდასაჭერად (თუმცა, არა მხოლოდ):

  • სახლიდან მუშაობისთვის თუ ონლაინ საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო ტექნიკა (ტელეფონები, კომპიუტერები, პროგრამული უზრუნველყოფა, ონლაინ კონფერენციების სერვისების გამოწერა და სხვა.);
  • კონსულტაცია, სტრატეგიის დაგეგმვა და ტრენინგი ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიზნით (მაგ., როგორ უნდა მოვაწყოთ ღონისძიებები და კამპანიები ონლაინ, ონლაინ უსაფრთხოება კოდირების, უსაფრთხო კომუნიკაციისა და “ციფრული უსაფრთხოების“ ჩათვლით);
  • ინსტრუმენტებისა და მომსახურებების შემუშავება ბენეფიციარებისთვის, ონლაინ ან დისტანციურად, უშუალო დახმარების აღმოჩენის მიზნით (მაგ., ჩატის ცხელი ხაზი ოჯახური ძალადობის მსხვერპლებისა და ლგბტქი+ ახალგაზრდებისთვის, სატელეფონო ცხელი ხაზი რისკის ქვეშ მყოფი ხანშიშესული ადამიანებისთვის); ან ბენეფიციარებისთვის კოვიდ-19 პირობებში საჭირო შესაბამისი ონლაინ გარემოს შექმნა/დახმარება
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ონლაინ რესურსებისა და ქსელების მხარდაჭერა;
  • აუდიო-ვიზუალური საინფორმაციო პროდუქტის წარმოება;
  • ონლაინ წვდომის გაუმჯობესება და ფინანსების მოძიება;

გამოცხადებული საკონკურსო გრანტები პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონიდან/სოფლიდან შემოსულ განაცხადებს. პრიორიტეტი მიენიჭება ასევე, იმ მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალდნენ. პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციების განაცხადები არ განიხილება.

საგრანტო მხარდაჭერის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 24 თვე.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

აპლიკანტებმა შევსებული განაცხადის შესაბამისი ფორმა (LOT 1, LOT 2 ან LOT 3) უნდა გამოაგზავნონ მისამართზე tbilisi@humanrightshouse.org და სათაურის ველში მიუთითონ შესაბამისი LOT-ის ნომერი. თუ ვერ ახერხებთ განაცხადის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

თანდართული ფაილები შეგიძლიათ გადმოწეროთ აქ:

აპლიკაციის ფორმა LOT 1: გადაუდებელი ორგანიზაციული გრანტები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდასაჭერად

აპლიკაციის ფორმა LOT 2: ფსიქო-სოციალური და იურიდიული მხარდაჭერის გრანტები მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებში საქმიანობს

აპლიკაციის ფორმა LOT 3: „გაციფრულების“ გრანტები

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2020 წლის 9 აგვისტოს 18:00 საათისა (თბილისის დრო).

საკონტაქტო ინფორმაცია:

tbilisi@humanrightshouse.org

ტელეფონის ნომერი:  2 38 20 18

+995 599 68 71 11

Facebook Comments