განახლება:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტზე დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყვონებლივ უნდა შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ. დაუშვებელია ხელოვანის მშვიდობიანი პერფორმანსის სისიხლისსამართლებრივი გამოძიება. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მსგავსი პერფორმანსები მხოლოდ საჯარო დისკუსიის საგანი ან სამოქალაქო საზოგადოების და კულტურული წრეების განსახილველია.

სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის ,,ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მიმდინარეობისას, მან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა – ,,ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ამის გამო გამოფენის კურატორი პოლიციაში დაიბარეს, მხატვრის წინააღმდეგ კი სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაიწყო ქურდობის მუხლით. ღონისძიების ორგანიზატორებმა შემდგომ კედელი სრულად აღადგინეს და თავდაპირველი სახე დაუბრუნეს. ხელოვანის პერფორმანსი იყო მშვიდობიანი აქტი, აზრის გამოხატვა, რომელსაც არ მიუყენებია ზიანი, არ შეულახავს სხვების უფლებები თუ რეპუტაცია, ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების საფუძველს. ხელოვანებმა, გამოფენის სხვა მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეეწყვიტათ ხელოვანის დევნა, რადგან ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ხელოვანის პერფორმანსი მხატვრული პროცესის ნაწილი იყო.

ბოლო წლების განმავლობაში, კულტურის სამინისტროს მხრიდან გახშირდა თავდასხმები კულტურული ინსტიტუტებსა და წრეებზე. გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი თავდასხმები, ,,ქართული ფილმის“ გამოძიებით დაშინება, სხვადასხვა თანამდებობებზე პოლიტიკასთან აფილირებული პირების დანიშვნა, თანამშრომლების მუდმივი გათავისუფლება პოლიტიკური გემოვნების საფუძველზე, სამხატვრო გალერეაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმა ნაწილია იმ პრობლემების, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბოლო პერიოდში წააწყდნენ. საგანგაშო ცენზურის შემთხვევა იყო სალომე ჯაშის არაფორმალური მმართველის შესახებ დოკუმენტური ფილმის გაუქმება და საქართველოს კინოაკადემიის მიერ მისი ჩვენების აკრძალვა.  

საქართველოს ნაკისრი აქვს არაერთი საერთაშორისო ვალდებულება გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მანიფესტის – ,,ციფრული ეპოქის ხელოვნებისა და კულტურის გამოხატვის თავისუფლების“ – მიხედვით „ხელოვანები დაცულნი უნდა იყვნენ ცენზურისგან და ნებისმიერი ფორმის ზეწოლისა და დაშინებისგან… გამოხატვის თავისუფლებისა და შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა გავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული პროცესების სიცოცხლისუნარიანობაზე.“

გამოხატვის თავისუფლება დაცულია ასევე საქართველოს კონსტიტუციით და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით“, რომელიც პროგრესული, ჩვენს რეგიონში უნიკალური და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად შესაბამისი სამართლებრივი აქტია, შესაბამისად მისი აღსრულება პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სისხლის სამართლალწარმოება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ, უზრუნველყოს  შემოქმედთათვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო და დაიცვას შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პირის, არამედ ზოგადად ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

ადამიანის უფლებათა სახლების ფონდი (ოსლო, ნორვეგია)

ადამიანის უფლებათა ცენტრი

უფლებები საქართველო

საფარი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამართლიანობის ცენტრი

რაჭის სათემო ორგანიზაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

PEN America

Artists at Risk Connection (ARC)

მედიის განვითარების ფონდი

მეგობარი ადვოკატები

სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი ,,აისი”

ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი

კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი

თბილისი პრაიდი