,,ქედელი“ – ფერებით სავსე სოციალური საწარმო

,,ქედელში ცხოვრება, ჩემთვის, ყვითელ და ცისფერ ფერებთან ასოცირდება“ – გვეუბნება გიორგი, ქედელის ერთ-ერთი ბენეფიციარი. მეგობრებთან ერთად, საქსოვ დაზგაზე მუშაობა გიორგის  საყვარელი საქმიანობაა.  დაზგაზე მოქსოვილი ფერადი ქსოვილებისგან,  სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები მზადდება.  თითოეულ სათამაშოს, ჩანთას, სამკაულს თუ თოჯინას, მათი შემქმენელების მსგავსად, განსაკუთრებული და უნიკალური  ისტორია აქვს.

არტ-კაფე ,,ქედელი“ საცხოვრებელი ერთობა და გამორჩეული სივრცეა. შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე   ზრდასრულების საზოგადოებაში ინტეგრაციას ,,ქედელი“ კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებით უზრუნველყოფს. სოციალურ საწარმოებში სულ 29 ადამიანია დასაქმებული.  ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების შეძენის გარდა, ,,ქედელის“ კაფეში, მათ მიერ დამზადებული ტკბილეულის დაგემოვნებაც შეგიძლიათ.

პანდემიამ და თანმდევმა შეზღუდვებმა, ,,ქედელი“ იძულებული გახადა, არტ-კაფის დახურვის გადაწყვეტილება მიეღოთ. რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეიზღუდა ჯგუფური აქტივობებიც. ფინანსური კრიზისის გამო, შეუძლებელი გახდა ხელნაკეთი ნივთების შესაძენად საჭირო მასალების შეძენა და ყოველდღიური აქტივობების განხორციელება.

,,კაფეში მუშაობა ყველაზე მეტად მომწონდა. მქონდა საკუთარი შემოსავალი და შემეძლო, თავად მეყიდა, რაც მინდოდა. ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ ვირუსის გამო, იქ სიარული აღარ შემეძლო. თუმცა ყველაზე ცუდი მაინც ის იყო, რომ ჩემი შემოსავალი დავკარგე“ – გვიყვება  მარიამ ოქროპირიძე, ,,ქედელის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული ფინანსური დახმარების წყალობით, ,,ქედელმა“ სიღნაღის ცენტრში მდებარე  კაფის შენობა შეინარჩუნა. ამავე დახმარებით, შესაძლებელი გახდა მარაგების შევსება და სამი სოციალური საწარმოს ფუნქციონირების გაგრძელება.

,,ქედელის“ დირექტორის, ლალი ხანდოშვილის თქმით, პროექტი მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო: ,,დავიქირავეთ კონსულტანტი გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, რომელმაც შეძლო ,,ქედელის“ ცნობადობის ამაღლება. ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გაყიდვები. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა კომპანიამ, სურვილი გამოთქვა, სრულიად უსასყიდლოდ დაგვხმარებოდა და ჩვენთვის ონლაინ ვაჭრობის გვერდი შეექმნა.“

ევროკავშირის დახმარებით, ,,ქედელი“ სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. გიორგი, მარიამი და მათი მეგობრები კი იქ ცხოვრებას აგრძელებენ, სადაც მათი ცხოვრების, სიკეთის და მხიარულების ფერები ყვითელთან და ცისფერთან ასოცირდება.

,,ქედელის“ შესახებ

თემი ,,ქედელი“ 2000 წელს დაარსებული საცხოვრებელი ერთობაა, სადაც შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე 29 ზრდასრული ადამიანი ღირსების შესაფერის გარემოში ცხოვრობს. თემში არსებულ შრომით-თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით, მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება. თემში მოქმედი სოციალური საწარმოებია: არტ-კაფე ,,ქედელი“, სადურგლო, საქსოვი-სახელოსნო, სასათბურე მეურნეობა. 

პანდემიის დაწყებისთანავე, დაიხურა კაფე და შეჩერდა საზოგადოებრივი აქტივობები. პროექტიდან ,,კოვიდ19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ მიღებული ფინანსური დახმარებით, ,,ქედელმა“ მუშაობის გაგრძელება შეძლო. ევროკავშირის დაფინანსებულმა პროექტმა, რომელსაც ERIM და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ახორციელებს, შესაძლებლობა მისცა ,,ქედელს“, გაეგრძელებინა ფუნქციონირება და დაეცვა ბენეფიციარები, როგორც მაღალი რისკ ჯგუფი,  კოვიდ 19-ისგან გამოწვეული საფრთხეებისგან.

პროექტს “COVID 19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა” თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ფრანგულ ორგანიზაცია ERIM (ყოფილი IREX)-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ძირითადუ მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობა და COVID 19-ით გამოწვეული უშუალო და გრძელვადიანი ზიანის შემსუბუქება. პერიოდულად გაზიარებული წარმატების ისტორიებით, გაჩვენებთ პროექტის გავლენას და ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

Facebook Comments