ბელარუსის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დამცველების, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა.

 2021 წლის 16 თებერვალს ბელარუსის ხელისუფლებამ განაახლა კოორდინირებული შეტევა ჟურნალისტების, უფლებადამცველების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში. სამართალდამცავები სამი საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისს, ამოიღეს დოკუმენტები და კომპიუტერები, შემდეგ კი დალუქეს ოფისი. დაკავებულია, ან პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდის მსხვერპლი გახდა 25 ბელარუსი უფლებადამცველი, რომლებიც ძირითადად მუშაობდნენ ბელარუსის ადამიანის უფლებათა სახლის წევრ ორგანიზაციებში. 16 თებერვალს განხორციელებული დაკავებები და დარბევები უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც აღძრულია ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით (საზოგადოებრივი წესრიგის მძიმე დარღვევის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა).  შემაშფოთებელია, რომ ბელარუსში გამოიკვეთა  სისხლის სამართლის კოდექსის უფლებადამცველების და  ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენების ტენდენცია.

დაკავებულ უფლებადამცველთა და ჟურნალისტთა უმეტესობა ამ მომენტისთვის პატიმრობიდან გათავისუფლებულია, თუმცა რამდენიმე მათგანი სავარაუდოდ ჯერ კიდევ პატიმრობაში იმყოფება, რადგან ისინი არ დაკონტაქტებიან კოლეგებს 16 თებერვლის მოვლენების შემდეგ.

16 თებერვალს განხორციელებული ქმედებებით ბელარუსის ხელისუფლებამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად და შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებების შესაზღუდად. აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს შეავიწროვოს ისინი, ვინც უფლებადაცვით საქმიანობას ახორცილებენ ქვეყანაში.  „ეს თავდასხმები აშკარა დაშინების კამპანიის ნაწილია, რადგან ბელორუსის ხელისუფლება მიზნად ისახავს უფლებადამცველების და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებიც აშკარად ცდილობენ გაათავისუფლონ ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება.”  – ნათქვამია Human Rights Watch-ის განცხადებაში.

ჩვენ, ხელმომწერი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ვეხმაურებით და ვგმობთ ბელარუსში მიმდინარე საგანგაშო მოვლენებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას. ამასთან, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს ბელარუსის რესპულიკაში, რომ:

  • გამოიყენონ ყველა შესაძლო დიპლომატიური, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადენგლებთან ერთად მოუწოდონ ბელარუსის ხელისუფლებას შეწყვიტოს უფლებადამცველების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი მხარდამჭერების შევიწროება, დაშინება და დევნა.

1) თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი წევრი ორგანიზაციების სახელით:

 ადამიანის უფლებათა ცენტრი

 უფლებები საქართველო

 მედიის ინსტიტუტი

 საფარი

 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

2) აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი

3) სამოქალაქო დარბაზი

4) ასოციაცია „დეა“

5) თანაზიარი

6) მანდალა

7) OC media

8) ევროპის ფონდი

9) ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი

10) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

11) მედიის განვითარების ფონდი

12) ღია საზოგადოების ფონდი

13) პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

14) თბილისი პრაიდი

15) ჩართულობის და განვითარების ცენტრი

16) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

17) Justice International 

18) ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია “ქსენონი”