უფლებადამცველების დღე – 9 დეკემბერი

2019 წლის 9 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით საქართველოში უფლებადამცველების დღე „მწერალთა სახლში“ უკვე მეორედ აღინიშნა. 1998 წლის 9 დეკემბერს გაერომ ადამიანის უფლებების დამცველთა შესახებ დეკლარაცია მიიღო, რომლითაც ხაზი გაუსვა უფლებადამცველების როლს დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობაში. მსოფლიოში ეს დღე აღინიშნება იმისთვის, რომ გაიზარდოს ცნობადობა უფლებადამცველების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და მათი საქმიანობა სათანადოდ იქნეს აღიარებული. ღონისძიებამ წელს 150-მდე აქტივისტს, უფლებადამცველს, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაინტერესელულ პირებს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე დამსწრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ასუნსიონ სანჩეზ რუიზმა, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ და ნორვეგიის სამეფოს ელჩმა საქართველოში, ჰელენე სანდ ანდერსენმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს უფლებადამცველების უფლებების დაცვის და მათდამი საზოგადოების სოლიდარულობის მნიშვნელობა.

“ვინც არ უნდა იყოს ის აქტივისტი, ვინც ექვემდებარება სავარაუდო ზეწოლას ან თავდასხმას, მთელი სამოქალაქო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს რომ გამოუცხადოს ამ ადამიანის სოლიდარობა. … ჩემი პირადი სურვილი იქნებოდა, რომ უფლებადამცველები ვაძლიერებდეთ ერთმანეთს საქმიანობაში” – განაცხადა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. შარშან სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავი დაემატა უფლებადამცველების შესახებ.

“ადამიანის უფლებათა სახლები თავისი კონცეფციიდან გამომდინარე უსაფრთო სივრცეს ქმნიან უფლებადამცველებისთვის და ზრუნავენ ინდივიდუალური რისკების შემცირებაზე ამ საერთო სივრცეში ერთობლივი საქმიანობით. ” – აღნიშნა ნორვეგიის სამეფოს ელჩმა.

ღონისძიებაზე გაიმართა თემატური დისკუსია, სადაც საუბარი იყო საქართველოში უფლებადამცველების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და უფლებადამცველების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე.  ფლებადამცველების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, უფლებადამცველების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ არსებულ დეზინფორმაციულ კამპანიები, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზების პრობლემურ ასპექტები და ლგბტ უფლებადამცველების წინაშე არსებული საფრთხეები – ეს ის საკითხებია, რომლებზეც პანელზე მოწევეულმა ექსპერტებმა და უფლებადაცვით სფეროში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს ღონისძიების დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ძლიერ და აქტიურ ქალებს, ინდივიდუალურ აქტივისტებს, მათ შორის – საქართველოს რეგიონებიდან, რომლებიც იბრძვიან სხვისი უფლებების დასაცავად, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის, თუმცა მათი საქმიანობა და ის პრობლემები, რის წინააღმდეგაც იბრძვიან, ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ფოტო-გამოფენა – „უცნობი პორტრეტები – ქალები და აქტივიზმი“.

ღონისძიების ფორმალური ნაწილის შემდგომ დამსწრე პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ ფორმატში ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ ფოტოკონკურსის მონაწილე ქალებს – მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. ამასთანავე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა უმასპინძლა იმ ძლიერ ქალებს, რომლებთანაც სახლი პარტნიორობს (მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახის წევრ ქალებს და სხვა აქტივისტებს, რომელთა შესახებაც წინა წლის მანძილზე სტატიები მომზადდა თბილისის სახლის მიერ.)

ღონისძიება განხორციელდა IREX ევროპასთან პარტნიორობით, ევროკომისიის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“ ფარგლებში. პროექტი საქართველოში თანადაფინანსებულია ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მიერ.

 

Facebook Comments