“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” არის არასამთავრობო, აპოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნდა 1997 წლის 12 სექტემბერს. ორგანიზაციის წევრები არიან პროფესიონალი ადვოკატები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთ უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფენ ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლების გზით.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა კვლავ მის უმთავრეს ამოცანად რჩება. ამასთან, ამ ამოცანის მისაღწევად, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების გარდა სწავლებას, კვლევასა და ანალიზს გამოიყენებს. უფრო ინტენსიურს გახდის მის მონაწილეობას სამართალშემოქმედებით პროცესებში, რამაც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია და უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს.

 

ორგანიზაციის მისია

ჩვენ ვიცავთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ჩვენ ხელს ვუწყობთ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჩვენ წვლილი შეგვაქვს ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებაში.

 

ორგანიზაციის ფასეულობები:

1) დემოკრატიული საზოგადოება კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრვებით ყალიბდება;

2) ადამიანის უფლებათა პატივისცემა სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების გარანტია;

3) ნდობა კვალიფიციური საქმიანობით მოიპოვება.

4) მნიშვნელოვანი შედეგები გუნდური მუშაობით მიიღწევა;

 

ორგანიზაციის მიზნები

1) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და მეორე თავის სხვა მუხლებით, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დამკვიდრება და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

2) კანონის უზენაესობის პრინციპის დამკვიდრება;

3) მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;

4) ადამიანის უფლებადამცველ პირთათვის, მათი საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა და მათი პროფესიული დონის ამაღლების ხელშეწყობა;

5) საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების ამაღლება;

6) იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა.

 

ორგანიზაციის ამოცანები

1) ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, შედარებითი ანალიზი და დანერგვა;

2) სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანოებში;

3) მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი და მის სრულყოფაზე ზრუნვა;

4) თანამშრომლობა ადამიანის უფლებადამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის იურისტთა პროფესიულ გაერთიანებებთან;

5) საგანმანათლებლო საქმიანობა;

6) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიების წარმოება.