თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდებენ ხელისუფლებას დაიცვან უფლებადამცველების და აქტივისტების უფლებები.
20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდებოდა სრულად პროპორციულად, 0%-იანი ბარიერით. თუმცა 14 ნოემბერს კანონპროექტს განხილვაზე 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც საკმარისი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის არ არის.
მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააანონსა პერმანენტული აქციები და მოითხოვა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რომლითაც არსებული შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდებოდა, მაგრამ დეპუტატების საბოლოო პროცენტულ წილს პროპორციული არჩევნების ხმები განსაზღვრავდა. აქტივისტები ითხოვდნენ ასევე გარდამავალი მთავრობის დანიშვნას.
18 ნოემბერს აქტივისტებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს. პროტესტის მონაწილეები ხელისუფლებამ წყლის ჭავლით და სამართალდამცავების მობილიზების შედეგად დაშალა, რის შედეგადაც დააკავეს 37 აქტივისტი თუ პოლიტიკური პარტიის წევრი.
დაკავებულ პირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ედავებოდნენ. 12 დაკავებულის სასამართლო დადგენილება 20 ნოემბერს გახდა ცნობილი – თითქმის ყველა დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენი 25 დაკავებულის საქმე გადაიდო და მომავალში განიხილება სასამართლოში.
თბილისის სახლის და წევრი ორგანიზაციების შეფასებით, აქტივისტებისადმი გამოყენებული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სახდელის ფორმა არის არაპროპორციული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ დაკავებული პირები პროტესტის გამოხატვისას იყვნენ მშვიდობიანები, პიკეტირებისას არ იყენებდნენ პროტესტის ძალადობრივ ფორმებს და თავიანთი ფუნდამენტური კონსტიტუციური ღირებულებების დასაცავად ჰქონდათ მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოცხადებული.
სასამართლოზე დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სრულფასოვნად სამართლიანი სასამართლოს უფლებით – მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ მოსამზადებელი დრო, მათ წინააღმდეგ ერთადერთი საფუძველი იყო პოლიციელების ჩვენება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აღნიშნული აქვს, რომ თუ ქმედებისთვის სახდელად თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, ამ ქმედებაზე სასმართლო პროცესი სისხლისსამართლებრივ სფეროსთან უნდა იყოს გათანაბრებული. ადმინისტრაციული პატიმრობა არის ისეთივე ინტენსიური ჩარევა ადამიანის უფლებებში, როგორც ეს სისხლის სამართლებრივ საქმეებზე ხდება, შესაბამისად, 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო სამართლიანი სასამართლოს იმ სტანდარტის მიხედვით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს. შედეგად, დაკავებულთა საქმეზე დაჩქარებულად, საქმის მასალების სრულფასოვანი განხილვის გარეშე მიიღო მოსამართლემ დადგენილება.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლო დამოუკიდებლობა პრობლემატურ საკითხად რჩება ქვეყნაში და საქმე ეხება მმართველი პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგო პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში შესაძლო გადაცდომას, დამოუკიდებელმა მოსამართლემ სახდელის დაკისრებისას სასამართლოს მიუკერძოებლობის ეჭვები უნდა გააქარწყლოს, და არ გააღრმავოს.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ასევე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი მხარდამჭერის და პარლამენტთან საპროტესტო პიკეტის აქტიური მონაწილის, გიორგი რურუას სისხლის სამართლის წესით დევნა, რაც შესაძლოა პოლიტიკურად იყოს მოტივირებული. გიორგი რურუას ამჟამად აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით. ადვოკატების ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალი სათანადო მტკიცებულებების გარეშე წარუდგინეს და მას იარაღი „ჩაუდეს“.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაიცვან უფლებადამცველების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციური პარტიების წევრებისა თუ მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლება და ამ თავისუფლების ყველა ფორმა, შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და სასამართლო პროცესები წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს და სხვა კონსტიტუციური ღირებულებების დაცვით.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სახელით წევრი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- მედიის ინსტიტუტი
- საფარი
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
განცხადების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ: