ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 29 მაისს საღამოს თბილისში აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო იძულებითი გაუჩინარების ფაქტის გამო, რომელიც როგორც მისი ადვოკატის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ირკვევა, თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.[1]
აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, მათი განმარტებით, ჟურნალისტური საქმიანობისა და კრიტიკული პოზიციების გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან სისტემურ დევნასა და შევიწროებას განიცდნენ. მათ მიმართ განხორციელებული დევნის და მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების რისკების გამო, ოჯახმა საქართველოში ცხოვრება და ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს ინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკების თაობაზე. მათი თქმით, აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის გამო, აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესი მათ მიმართ ამ დრომდე მაღალი იყო, რაც მუქარისა და საქართველოს ტერიტორიაზე თვალთვალის ფაქტებში გამოიხატება.
სამწუხაროდ, ლეილა მუსტაფაევას, ისევე როგორც სხვა რამდენიმე აზერნაიჯანის მოქალაქე აქტივისტსა და ჟურნალისტს, საქართველომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების აბსტრაქტული ინტრესით უარი განუცხადა ბინადრობის მოწმობის გაგრძელებაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ფიქსირდება პრაქტიკა, როდესაც აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები აზერბაიჯანში შექმნილი არადემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მიმართ და ჟურნალისტურ, აქტივისტურ ან პოლიტიკურ საქმიანობას აგრძელებენ საქართვეოლოში, საქართველოს სახელმწიფო უარს აცხადებს ბინადრობის მოწმობების ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული პრაქტიკა აჩენეს ეჭვებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ ლოიალობაზე, რომელიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხო და დაცული სივრცე გახდეს მეზობელ ქვეყნებში დევნილი აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის და ამ გზით საქართველომ ხელი შეუწყოს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, არაპრინციპული და ლოიალური პოლიტიკის გამო, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს აღნიშნულ პირების უფლებების დაცვისთვის და უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებებით თავადაც არღვევს მათ უფლებებს.
საქმის პოლიტიკური ხასიათისა და აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის პროცესში, მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის სავარაუდო მონაწილეობის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის საქართველოში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაყვანა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხარდაჭერისა და უშუალო მონაწილეობის ან როგორც მინიმუმ, დემონსტრაციული უმოქმედებისა და არაეფექტიანობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ამ კუთხით განსაკუთრებით საეჭვოა აზერბაიჯანის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიის საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე გადაკვეთის ფაქტი. იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან მუხთარლი წამების, არადამიანური მოპყრობის ან დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირების უსაფრთხოების და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა და უკანონო ქმედებებში შესაძლო მონაწილეობა უკიდურეს აღშფოთებას იმსახურებს და არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ადამიანის უფლებების ბაზისური გარანტიების უგულებელყოფა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ანგრევს დემოკრატიისა და სამარლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას
- საქმის მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საჯარო განცხადების გამოქვეყნება, რომელიც პასუხებს გასცეს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემის პროცესებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენების შესაძლო მონაწილეოაბასა ან აშკარა უმოქმედობასთან დაკავშირებით გაჩენილ დასაბუთებულ ეჭვებს.
- განუხრელად დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებები და უზრუნველყოს საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების და სხვა პირების საქართველოში ლეგალური ცხოვრების, თავისუფალი გადაადგილებისა და ხელშეუხებლობის თავისუფლება; საქართველოს პროკურატურას
- უზრუნველყოს აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ეფექტიანი, დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ამ კუთხით არსებითია დეტალურად იქნას შესწავლილი ამ საქმეში საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლობის (მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებისა და საზვრის დაცვის პოლიციის თანამშრომლების) შესაძლო მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის არსებითია საქმის გამოძიება პროკურატურამ უზრუნველყოს.
- საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების პროგრესისა და შედეგების თაობაზე; საქართველოს პარლამენტს
- აფგან მუხთარლის საქმესა და ზემოთ მითითებულ სისტემურ პრობლემებზე უზრუნველყოს მთავრობისა, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება და შესაბამისი ზომების მიღება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- თბილისის ადამაინის უფლებათა სახლი (HRHT)
- Human Rights House Foundation – ადამიანია უფლებათა სახლების ფონდი (ნორვეგია)
- საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო (TI)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრაციის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ევროპის ფონდი (EPF)
- ევროპული ინიციატივა ლიბერალური აკადემია – თბილისი
- იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობა”
- “სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი”
- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
- საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველო
- ასოციაცია ,,მერკური“
- ახალგაზრდული ალტერნატივა
- სტუდია რე
- საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
- განვითარების და ჩართულობის ცენტრი
- ახალგაზრდული ასოციაცია დრონი
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
- გორის საინფორმაციო ცენტრი
- კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრი
- ასოციცია სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
- ,,პი ემ სი“ კვლევითი ცენტრი
- სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
- ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
- საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო”
- ,,ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის”
- ასოციაცია ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის
- საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
- თავისუფალი არჩევნი
- კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
- რეპატრიანტთა კავშირი
- ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება
- მეწარმე ქალთა ფონდი
- განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
- სამოქალაქო საბჭო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში
- ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი”
- ცენტრი “ემპათია’
- ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”
- ,,ციხის საერთაშორისო რეფორმა”
- კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
- სამოქალაქო ფორუმი
- სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
- საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
- ასოციაცია,,ათინათი”
- ფონდი „ადგილის დედა“
- საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
- კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
- ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
- ენერგოეფექტურობის ფონდი
- პედაგოგთა კავშირი ”განათლება და სამყარო”
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
- ასოციაცია ტოლერანტი
[1] https://www.radiotavisupleba.ge/a/azerbaijaneli–zhurnalisti/28519142.html