***

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშში ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინება კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ამასთან, დღემდე პრობლემურია არასრულწოვანი გოგოების მოტაცება მათი დაქორწინების მიზნით, ძირითადად  კი ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია, როგორც ანგარიშშია ხაზგასმული, „როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება.“ [1]

სწორედ ამ მანკიერ პრაქტიკას, კერძოდ კი, აზერბაიჯანულ თემში ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებას ებრძვის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ნარგიზა ემანოვა.

ნარგიზა ემანოვა, 60 წლის, კასპი

„დავიბადე 1959 წლის 22 სექტემბერს კასპში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წითელ დიპლომზე დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი. ვმუშაობდი საავადმყოფოში ექთნად, მაგრამ შემდეგ შემცირებები დაიწყო და გადავწყვიტე სხვა პროფესია შემესწავლა. ასე ვისწავლე თმის შეჭრა, რაც დღემდე ჩემი ძირითადი საქმიანობაა.

თმის შეჭრა მასწავლა ეთნიკურად სომეხმა სტილისტმა, რომელმაც არ იცოდა, რომ მე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვიყავი. ვერ ვუთხარი ჩემი წარმომავლობის შესახებ, რადგან მაშინ ყარაბაღის კონფლიქტის გამო სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება იყო.

ჩემი პროფესია, თმის შეჭრა, კარგად შევისწავლე, მაგრამ შემდეგ ჩემი მასწავლებელი ცუდად გახდა და საავადმყოფოში სიკვდილს ებრძოდა. მე ყოველდღე დავდიოდი მასთან, უყურადღებოდ არც ერთი წუთით არ დამიტოვებია. ბოლოს, როცა გამოჯანმრთელდა, ვუთხარი, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვიყავი, მან კი დიდი სითბოთი მიმიღო. ასეთი მაგალითი საქართველოში ბევრი მახსენდება. მჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია და ხალხს პირველ რიგში მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს.

საქართველო ძალიან მიყვარს, აქ არასოდეს ვგრძნობ თავს ზედმეტად. ერთხელ, ერთმა ქართველმა „ყიზილბაში“ მიწოდა, რაც ძალიან მეწყინა. ვფიქრობდი, როგორ შეეძლო ადამიანს ეთნიკური კუთვნილების გამო შეეძულებინა მეორე ადამიანი, თუმცა წყენა გულში არ ჩამიდია, რადგან გამახსენდა ის სითბო და სიყვარული, რაც ჩემი მეგობარი ქართველებისგან მიგრძვნია. ეს ერთი შემთხვევა ვერ გადაწონიდა ამდენი წლის მეგობრულ ურთიერთობებს.

კარგად მახსოვს, 2008 წლის ომის დროს რუსის ტანკები ჩემი სოფლისკენ რომ დაიძრნენ, მათ წინ გადავუდექი და ტირილი დავიწყე: რა გინდათ ამ ერთი მუჭა საქართველოსგან, ყველა შეგვიფარეს და გულში ჩაგვიკრეს-მეთქი! მე ჩემს საქართველოს ვერავის დავუთმობ, მან ასე მიმიღო და შემიყვარა, ამიტომ მისი ტკივილი მტკივა და სიხარული მახარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ხალხთან თანაცხოვრება მომწონს, არის ბევრი საკითხი, რომლის მოგვარებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ეთნიკურად აზერბაიჯანელებისთვის. დღემდე პრობლემაა განათლების სრულფასოვნად მიღება, რადგან ჩვენს სოფლებში არაა სკოლები, ათეულობით კილომეტრებით დაშორებულ სკოლებში კი ბავშვები განათლების მისაღებად არ დაჰყავთ – მშობლებისთვის ეს დიდ ფულად რესურსს მოითხოვს. აუცილებელია სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების განათლების საკითხს.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ჩვენში კვლავ მახინჯ ტრადიციად შემორჩენილ ადრეულ ქორწინებას, რაც ბავშვებს მომავალს უნგრევს, მათ ფიზიკურ დაზიანებას და მომავალში ოჯახების ნგრევას იწვევს. გოგონებს როცა ვესაუბრები ამ თემაზე, მშობლები ბრაზობენ.

ჩემი დიდი ძალისხმევის შედეგად გადავარჩინე რამდენიმე გოგონა, რომელთაც ადრეულ ასაკში, კერძოდ – 12 წლის ასაკში აქორწინებდნენ მშობლები. როდესაც ვიგებ, რომ არასრულწლოვან გოგონას დანიშნავენ და ქორწილისთვის ამზადებენ, მივდივარ ოჯახში და ვესაუბრები მას და მის მშობლებს. ასევე, ვხვდები სამართალდამცავებს და ვითხოვ ქორწილის ჩაშლას. ბედნიერი ვარ, რომ დღეს გოგონა, რომელსაც 12 წლის ასაკში ოჯახი უნდა შეექმნა, სწავლობს და 19 წლის ასაკში სიყვარულით დაინიშნა.

აუცილებელია მშობლებთან, რომლებიც მზად არიან 12-13 წლის ასაკში დააქორწინონ საკუთარი შვილები, მიმდინარეობდეს საგანმანათლებლო შეხვედრები, რათა მათ გააცნობიერონ, რამდენად საზიანოა ბავშვობის ასაკში ქორწინება მათი შვილებისთვის.

გარდა იმისა, რომ ვეწინააღმდეგები ადრეულ ასაკში ქორწინებას, ასევე არ მომწონს ის ფაქტი, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ბევრს შრომობენ ოჯახში, მათ შრომას მამაკაცები არ ინაწილებენ, შესაბამისად კი ქალებს საკუთარი თავისთვის დრო არ რჩებათ. ხშირად, სალონში მოსულ ქალებს უფასოდ ვჭრი თმას, ვალამაზებ და სუნამოსაც ვჩუქნი, რათა უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. მათ ძალიან უჭირთ საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბარი. ძალადობაგამოვლილი ქალები გიმალავენ ცრემლიან თვალებს, მაგრამ მე ვერ გამომაპარებენ, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს ხალხს.

გარდა იმისა, რომ ვცდილობ, დავიცვა ყველა ქალი, ვისაც ძალადობისგან ჩემი დაცვა სჭირდება, ასევე ვცდილობ, ჩემი მწირი ბიუჯეტით დავეხმარო გაჭირვებულებს. საახალწლოდ ასეთი ტრადიცია მაქვს – ვამზადებ ვახშამს, შევარჩევ ქალს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩემი დახმარება და მიმაქვს მისთვის საახალწლო ნუგბარი, რათა ახალი წლის ღამე გავუხალისო.

სულაც არაა ბევრი ფული საჭირო იმისთვის, რომ ვინმე გავაბედნიეროთ. თანაც, მე ხომ „სტილისტი“ ვარ და ესეც საკმარისია – მივდივარ ქალებთან, ვისაც ვიცი, რომ არ აქვს ამის შესაძლებლობა და  უფასოდ ვჭრი თმას. ხანდახან ასეთი მცირედიც კი საკმარისია ბედნიერებისთვის.

მე თვითონ ონკოლოგიური დაავადება მაქვს, თუმცა არც ერთხელ არ დამიწუწუნია მათთან, ვინც ჩემთან დახმარების თხოვნით მოდის. მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს –  სახელმწიფომ მიხედოს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, გაუფრთხილდეს მათ მომავალს და როგორც ჩემ გვერდით მცხოვრები ქართველი ხალხი გვიღებს მათ თანასწორად, ასე მიგვიღოს სახელმწიფომაც“.

ავტორი: ლანა გიორგიძე

სტატია მომზადებულია პროექტ „ახალგაზრდა ქალი ლიდერები და „უჩინარი ქალები“ – უფლებადამცველი აქტივისტების მხარდაჭერა“-ს ფარგლებში, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ, IREX ევროპასთან პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავს ევროკომისიის შეხედულებებს.

[1] იხ. სახალხო დამცველის ანგარიში: http://ombudsman.ge/res/docs/2019042620571319466.pdf, გვ 137